18 და 19 სექტემბერს ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი შეხვდნენ. ლიდერების შეხვედრა ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის ცენტრის შენობაში გაიმართა.
რაზე შეთანხმდნენ ლიდერები ორდღიანი მოლაპარაკებების ფარგლებში:
ლიდერები 2032 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე ერთობლივი განაცხადის გაკეთებას აპირებენ. ასევე, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ერთობლივი ნაკრებით იქნებიან წარმოდგენილნი, თუმცა სპორტის რომელ სახეობაში არ კონკრეტდება. 2018 წლის ოლიმპიადაზე მათ ქალთა ჰოკეის ნაკრებები გააერთიანეს; ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიაზე კი ერთი დროშის ქვეშ გამოვიდნენ.
ლიდერები დემილიტარიზებული ზონისა და სასაზღვრო პოსტების რაოდენობის შემცირებაზე შეთანხმდნენ. გადაწყდა, რომ შეჩერდება დემილიტარიზებული ზონის სიახლოვეს ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნები და სამხედრო ფრენები. იაპონიისა და ყვითელი ზღვების ტერიტორიებზე გაჩნდება ბუფერული ზონა, სადაც საზღვაო-სამხედრო წვრთნები არ ჩატარდება. გარდა ამისა, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა შექმნიან ერთობლივ სამხედრო კომისიას, რომელიც შესაძლო კონფლიქტების თავიდან აცილებაზე იმუშავებს.
ჩრდილოეთ კორეა საბოლოოდ დახურავს ტონჩანის სარაკეტო პოლიგონსა და იონბენში მდებარე ბირთვულ ცენტრს. როგორც სააგენტო Yonhap-ი წერს, ეს შეესაბამება კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმებას, რომელიც სინგაპურში დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის გამართულ შეხვედრაზე შედგა. ამის შემდეგ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები გაიყინა, რადგან აშშ-მა ფხენიანის მიერ საბოლოო დენუკლერიზაციამდე, უარი თქვა ფხენიანის მიმართ დაწესებული სანქციების შერბილებაზე. თუმცა სექტემბერში კიმ ჩენ ინმა ტრამპს კიდევ ერთი შეხვედრა სთხოვა.
გახლეჩილი ოჯახებისთვის ერთმანეთის მოსანახულებლად სპეციალური ცენტრი შეიქმნება. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა შეთანხმდნენ, რომ გახსნიან მუდმივმოქმედ ცენტრს, რომელშიც კორეის ომის გამო გახლეჩილი და დაშორებული ოჯახის წევრები, რომლებიც სხვადასხვა კორეაში ცხოვრობენ, ერთმანეთთან შეხვედრას შეძლებენ.
განახლდება ინდუსტრიულ ტექნოპარკ "კესონზე" მუშაობა. ტექნოპარკი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე, დენუკლერიზაციის ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობს. ტექნოპარკი 2004 წელს გაიხსნა; იქ სამხრეთ კორეიდან 100-ზე მეტი კომპანია ოპერირებდა, რომელთაც ჩრდილოკორეელები ჰყავდათ დასაქმებული. ტექნოპარკი ორ ქვეყანას შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი იყო; არსებული ინფორმაციით, 10 წლის განმავლობაში, ტექნოპარკის ტერიტორიაზე თითქმის 3 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია იწარმოა. 2016 წელს სამხრეთ კორეამ, ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდების საპასუხოდ, პარკი დახურა.
კიმ ჩენ ინი სეულში ჩავა. იგეგმება, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამხრეთ კორეის დედაქალაქს 2018 წლის ბოლომდე ესტუმრება. ამ ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში ეს იქნება პირველი, ისტორიული მოვლენა, როდესაც ჩრდილოკორეელი ლიდერი სეულში ჩავა.
27 აპრილს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებულ საზღვარზე ორი კორეის ლიდერის ისტორიული შეხვედრა გაიმართა. კიმ ჩენ ინმა და მუნ ჯე ინმა ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი. ლიდერები სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ. მანამდე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებმა მშვიდობის ნიშნად საზღვარზე ფიჭვის ხე დარგეს.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში, კურორტ სენტოზაზე შედგა. ლიდერებმა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები გამართეს, რომლის შემდეგაც დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment