Wednesday, September 19, 2018

პატრიოტების“ ფრაქციის დაშლის შემთხვევაში, ირმა ინაშვილი შესაძლოა მაინც ვიცესპიკერად დარჩეს

საპარლამენტო ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსიდან" ნატო ჩხეიძის წასვლის გამო, ირმა ინაშვილი შესაძლოა პარლამენტის ვიცესპიკერის ვეღარ იყოს. ინაშვილი პარლამენტის ვიცესპიკერის თანამდებობაზე იმ კვოტით არის არჩეული, რომელიც რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციას ეკუთვნის. ფრაქციის შესაქმნელად კი 6 დეპუტატია საჭირო. ჩხეიძის წასვლის შემდეგ "პატრიოტების" ფრაქციაში 5 დეპუტატი რჩება.
თუმცა, მმართველმა გუნდმა ირმა ინაშვილს ვიცესპიკერობა შეიძლება შეუნარჩუნოს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის თქმით, მოქმედი რეგლამენტი ინტერპრეტაციის საფუძველს იძლევა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
კახიანის თქმით, რეგლამენტში პირდაპირ არ წერია, რომ ვიცესპიკერის წარმდგენი სუბიექტის დაშლა, მისი უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტას იწვევს.
“პარლამენტის რეგლამენტში არ არის ნორმა, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ფრაქციის დაშლისა და გაუქმების შემთხვევაში, ფრაქციის კვოტით წარდგენილი ვიცე-სპიკერის მიერ თანამდებობის ავტომატურ დაკარგვას და უფლებამოსილების ავტომატურ შეწყვეტას. ვიცე-სპიკერის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთადერთ საფუძველად განსაზღვრულია შემთხვევა, თუ მას წარმდგენი სუბიექტი უკან გამოიწვევს. ირმა ინაშვილი ფრაქციის მიერ არის წარდგენილი და ფრაქციას ის უკან არ გამოუწვევია. ამასთან, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ის არჩეულია პარლამენტის მიერ. წარმდგენი სუბიექტის დაშლა და არარსებობა კი, ვიცე-სპიკერის უფლემოსილების შეწყვეტის საფუძვლებში არ წერია. საკითხი სადაოა და ამ მხრივ რეგლამენტი ინტერპრეტაციის საფუძველს იძლევა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ნატო ჩხეიძემ ფრაქციის დატოვების შესახებ 17 სექტემბერს განაცხადა, თუმცა მიზეზები არ დაუსახელებია
ნატო ჩხეიძე ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებელიც არის, რომელიც ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრში მოექცა. რამდენიმე დღის წინ "იბერიამ", რომლის მფლობელიც "ომეგა ჯგუფია", გამოაქვეყნა ჩანაწერი.
არხი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.      

"იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" თემას 12 სექტემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სანქციების დაწესებისგან მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. ბახტაძის თქმით, უწყებებმა კომპანია 11-ჯერ გააფრთხილეს, თუმცა ამის შემდეგ ვალი კიდევ უფრო გაიზარდა.
14 სექტემბერს სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიცია დატოვა. 17 სექტემბერს კი ის პროკურატურაში გამოკითხეს. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment