Sunday, October 21, 2018

ლექვინაძე: ახალმა საბანკო რეგულაციებმა ტექნიკის მაღაზიებს გაყიდვები 35%-ით შეუმცირა

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მაისიდან ამოქმედებული ახალი საბანკო რეგულაციების შემდეგ, რომელიც ბანკების მიერ კლიენტის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემას შეეხება, ტექნიკის მაღაზიებს გაყიდვები 35%-ით შეუმცირა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
ლექვინაძის განცხადებით, რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკთან აქტიური კონსულტაციები გრძელდება, რომლის შედეგიც უნდა იყოს ის, რომ პარამეტრები, რომელიც ჩადებულია დებულებაში, დაუახლოვდეს ოპტიმალურ პირობებს. 
ლექვინაძის შეფასებით, დებულებაში არსებული ახლანდელი პირობები მკაცრია. 
"საფინანსო რესურსით სარგებლობენ სხვა ბიზნესსექტორის მომხმარებლებიც. მათ შორის, უძრავი ქონებისა თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროდან. მაისიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა, რომლის მიხედვითაც ბანკებს გადახდისუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზი დაევალათ, ამ სექტორის რეალიზაციის მაჩვენებლებზე უკვე მოახდინა გავლენა. რეგულაციებმა განსაკუთრებით იმოქმედა საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზატორებზე და ჩვენი ინფორმაციით, გაყიდვები დაახლოებით 35 პროცენტით შემცირდა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ეროვნულმა ბანკმა საჯაროდ გააზიარა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების სამუშაო ვერსია, რომელიც ბაზრის მონაწილეებთან განხილვის შემდეგ დაიხვეწება და 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
დებულების პროექტის მიხედვით, ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხები კლიენტის გადახდისუნარიანობის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცენ.
დებულების ამოქმედებამდე, გარდამავალ პერიოდში, ბანკების მიერ კლიენტის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული სესხების აგრესიულად ზრდის თავიდან ასაცილებლად, ასეთი სესხების მოცულობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტამდე შეიზღუდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment