2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგნად ისტორიის დასაწერად
12 ათასამდე აბიტურიენტი მივიდა, საიდანაც ზღვარი 8.1%-მა ვერ გადალახა.
უკვე მიღებული შედეგების ანალიზისთვის და იმის გასაარკვევად თუ რა
დავალებები გაურთულებათ წელს აბიტურიენტებს, რა სიახლეებს უნდა ელოდნენ და
რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მომავალმა აბიტურიენტებმა, ამ
საკითხებზე
EDU.ARIS.GE ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელს,
მანანა ჯავახიშვილს
ესაუბრა. მისი თქმით, აბიტურიენტებს, ტრადიციულად, უფრო მეტად გაუჭირდათის
დავალებები, რომელიც ორიენტირებული იყო კრიტიკულ აზროვნებაზე, საკუთარი
პოზიციის დაფიქსირებასა და ანალიზზე.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი ნაწერი ისტორიაში აპელაციაზე დაახლოებით
110-მა აპლიკანტმა გაასაჩივრა, რომელთაგან, დაახლოებით 30%-მდე
განმცხადებელს ქულა მოემატა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის
საგამოცდო ვარიანტებს შორის გარკვეული განსხვავება დაფიქსირდა, მაქსიმალური
70 ქულა ორივე მათგანში დაიწერა. უმაღლესი ქულის მოპოვება პირველ
ვარიანტში 2-მა აპლიკანტმა შეძლო, ხოლო მეორე ვარიანტში – ერთმა.
– როგორც უკვე ცნობილია ისტორიის მეორე ვარიანტში ზღვარმა დაიწია, რამ განაპირობა აღნიშნული ცვლილება?
მანანა ჯავახიშვილი: დავიწყებ იქიდან, რომ ვულოცავ
ყველა აბიტურიენტს, რომელიც სტუდენტი გახდა და მომავალში უფრო მეტ
წარმატებას ვუსურვებ. რაც შეეხება უშუალოდ გამოცდებს, მოგეხსენებათ ჩვენ
გვქონდა ორი ვარიანტი. ზოგადად ასეა, რომ შეუძლებელია ორი იდენტური
ვარიანტის გაკეთება. ჯერ ერთი, რომ პოპულარიზაციაც განსხვავდება და თან,
მცირე სხვაობა ბუნებრივად ხდება ხოლმე.
პირველ ვარიანტში გამსვლელი ქულა იყო 18, ანუ 25% და მეორე ვარიანტში 17
ქულა, ანუ მეორე ვარიანტი, პირველთან შედარებით, ოდნავ უფრო რთული
აღმოჩნდა.
– რა ტიპის დავალებების შესრულება უფრო გაუჭირდათ აბიტურიენტებს?
მ.ჯ.: როგორც წესი აბიტურიენტებს უფრო მეტად უჭირთ იმ
ტიპის დავალებები, რომელიც ორიენტირებულია კრიტიკულ აზროვნებაზე, საკუთარი
პოზიციის დაფიქსირებასა და ანალიზზე. მაგალითად, თუკი ეს არის ისტორიული
წყაროს ანალიზზე, რომელიც შეიძლება იყოს წერილობითი, ვიზიუალური, რუკა,
პლაკატი ფოტო ან ა.შ. მსგავსი დავალებებისთვის თავის გართმვა უჭირთ, რადგან
სკოლებში არ ხდება ამ ტიპის სავარჯიშოების შესრულება და, შესაბამისად, მათ
მსგავსი დავალებების კეთების ჩვევა არ აქვთ.
– რაც შეეხება სააპელაციო განცხადებებს, რამდენ აბიტურიენტს მოემატა ქულა აპელაციის შედეგად?
მ.ჯ.: ძალიან მცირე რაოდენობამ გააპროტესტა ტესტირების
შედეგი, ეს იყო დაახლოებით 110 აბიტურიენტი, საიდანაც დააახლოებით 20-დან
30 %-მდე განმცხადებელს თითო ქულა მოემატა.
აღსანიშნავია, რომ ეს ყოველ წელს ასე ხდება, თუმცა წელს კიდევ უფრო ნაკლები
იყო პროტესტი, რადგან ნაკლები იყო ჩაჭრილთა რაოდენობაც, დაახლოებით 8.1%.
– იგეგმება თუ არა მომავალ წელს ისტორიის გამოცდაში გარკვეული ცვლილებები და რა სახის ცვლილებებს უნდა ელოდნენ აბიტურიენტები?
მ.ჯ.: ამ ეტაპზე ჯერჯერობით არა. ახლა დავასრულეთ
მუშაობა და ჯერ ამ საკითხზე საუბარი არც გვქონია. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ,
როგორი უნდა იყოს მომავალი ეროვნული გამოცდებისთვის ისტორიის ტესტები,
მაგრამ კონკრეტულ ცვლილებებზე და სიახლეებზე საუბარი ჯერ არ არის.
– რა რჩევას მისცემდით მომავალ აბიტურიენტებს, რა საკითხებზე გაამახვილონ უფრო მეტად ყურადღება?
მ.ჯ.: ჩემი რეკომენდაცია იქნება, როგორც სკოლის
მასწავლებლების მიმართ, ისე აბიტურიენტების, რომ გაითვალისწინონ და
ყურადღება მიაქციონ ისტორიული წყაროების ანალიზს, განსაკუთრებით რუქას,
რომლსაც ნაკლებად ექცევა ყურადრება. აქცენტი ყოველთვის უფრო წერილობით
წყაროებზე კეთდება და არა ვიზუალურზე. ამიტომ, აბიტურინტებს ვურჩევდი
ფაქტობრივი მასალის დაზეპირებაზე კი არ იყვნენ ორიენტირებუნი, არამედ
მოვლენების გააზრებაზე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დაჭერაზე, რაც
მთავარია ისტორიის დისციპლინაში. უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ ანალიზს,
საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებასა და კრიტიკულ მსჯელობას, ვიდრე ფაქტების,
ტოპონიმებისა და პიროვნებების დაზეპირებას.
edu.aris.ge