Friday, August 25, 2017

რომელი საგნის აბიტურიენტებს დაუკმაყოფილდათ ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი


შეფასებისა და გამოცდების ერვნულ ცენტრში მიმდინარე სააპელაციო პროცესი 300-ზე მეტი აბიტურიენტისათვის ქულის შეცვლით დასრულდა. მათ უმეტესობას, გასაჩივრების შედეგად, ქულა მოემატა, მცირე ნაწილს კი დააკლდა.
წელს ცენტრში 1 900-ზე მეტი საჩივარი შევიდა. მათგან უმეტესობა – 400 ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სააპელაციო პროცესი დაახლოებით ერთ კვირას გაგრძელდა.
ცვლილება ძირითადად იმათ ქულებში შევიდა, ვისაც ქართულის, ლიტერატურის დამატებითი გამოცდისა და უცხო ენის თხზულებები და ესეები ჰქოდნათ გასაჩივრებული. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ივა მინდაძის განმარტებით, ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ესესა და თხზულებაში ინტერპრეტაციის დაშვება უფრო შესაძლებელია.
„ძირითადად თითო ქულის მომატებაზეა საუბარი. ნახტომისებური მომატება არ ყოფილა“ – განგვიცხადა მან.
მიუხედავად იმისა, რომ მატება შესაძლოა თითო ქულაზე მეტი არც იყოს, მინდაძე ამბობს, რომ ეს ერთი ქულაც კი ზღვარზე მყოფი აბიტურიენტებისათვის შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს გრანტის მისაღებად, ან ამა თუ იმ უნივერსიტეტში მოსახვედრად.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა თუ რა ბედი ეწევათ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც თვლიან, რომ საკუთარი პასუხები აპელაციის შედეგად გასწორებულ პასუხებთან მიახლოებულია. ამ კითხვაზე ივა მინდაძემ ასეთი პასუხი გაგვცა: “ზუსტად იგივე პასუხები ღია დავალებაში, სიმართლე გითხრათ არ წარმომიდგენია. ეს დახურული დავალებები არაა და აქედან გამომდინარე ზუსტად იგივე პასუხი ვერ იქნებოდა. წარმოიდგინეთ, ეს თხზულებაა, დაახლოებით იგივე პასუხიც როგორ უნდა იყოს?”.
შარშანდლისაგან განსხვავებით, წელს არ ყოფილა ისეთი საგანი, რომელზეც ცენტრში საჩივარი საერთოდ არ შესულა. არჩევით საგნებში, ტრადიციულად, ბევრად ცოტა იყო – ფრანგულ ენაში მხოლოდ ერთი, ხელოვნებაში – 2, ხოლო დანარჩენ არჩევით საგნებში კი დაახლოებით 20-მდე.
EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ინგლისური ენის ტესტში ერთ-ერთი დავალების პასუხი სადავო გახდა. აბიტურიენტების დიდი ნაწილი და ასევე ინგლისურის სპეციალისტები ცენტრის მხრიდან დაშვებულ შეცდომაზე საუბრობდნენ. მათ ეს დავალება გაასაჩივრეს კიდეც. ჩვენ დავინტერესდით თუ რა შედეგი მოიტანა ამან. როგორც მინდაძემ განგვიმარტა, ცენტრის შეცდომა არ დადასტურდა, ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აპელაციას აზრი არ ჰქონია.
„ცხადია, რაიმე სახის შეცდომისაგან არავინაა დააზღვეული. მათ შორის არც ჩვენ. შეიძლება დავალება ორაზროვანი ან მცდარი აღმოჩენილიყო, ასეთ შემთხვევაში ქულა ყველას შეეცვლებოდა, იმის მიუხედავად, გაასაჩივრა თუ არა მან, თუმცა ასეთი ტიპის მასობრივი ხარვეზი, საბედნიეროდ, არ ყოფილა“, – დასძინა მინდაძემ.
შეგახსენებთ, რომ თითოეულ იმ აბიტურიენტს, რომელსაც ქულა მოემატა, შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა უკან დაიბრუნოს. თანხის დასაბრუნებელი პროცედურები და ვადები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment