Saturday, August 19, 2017

რატომ ვაშლი?

სიმონ ჯანაშია
როგორ შეიძლება ავხსნათ ერთი შეხედვით არაპოპულარული, თითქოს უპერსპექტივო პოლიტიკური გადაწყვეტილება? გააზრებისთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების მოტივაციის მრავალი პერსპექტივიდან ახსნა. უნდა დავსვათ კითხვა, ვინ რჩება მოგებული ამ პოლიტიკიდან, ვინ იქნება წაგებული, რა ინტერესები დგას გადაწყვეტილების უკან? ამ კითხვებზე საპასუხოდ კი, მნიშვნელოვანია მსგავსი პრეცედენტების შესახებ ცოდნა. მინდა ერთი გამოცდილების შესახებ გიამბოთ, რომელიც შეიძლება ერთ-ერთი პერსპექტივის გააზრებაში დაგეხმაროთ.
განათლების სამინისტროში ვმუშაობდი. დამირეკა ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა და მომიყვა, რომ გამოჩნდა ქართველი ბიზნესმენი, რომელიც პატრიოტული მოსაზრებების გამო მილიონი ლარის განათლების სისტემაში დახარჯვაზე ფიქრობდა. მთხოვა დავკავშირებოდი, შევხვედროდი და გამერკვია საქმის ვითარება.
ტელეფონზე მართლაც მოტივირებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. შეხვედრის შეთავაზებაზე მოიბოდიშა, რომ იმავე დღეს ამას ვერ მოასწრებდა და მეორე დღეს მოვიდოდა. ცხადია დაუყონებლივ შეხვედრა არც მიფიქრია. ჩემი წარმოდგენით, მეცენატი მილიონი ლარის რაიმე საზოგადო საქმეში ჩადებას რომ მოინდომებს, ასეთ უპატივცემულობას და მოუთმენლობას მხოლოდ მნიშვნელოვანი იდეის გამო მოითმენდა.
დარწმუნების ის ხერხები, რომელსაც ეს ადამიანი იყენებდა, უცხო და უცნაური იყო. მაგალითად, მაჩვენა რუსეთის ერთ-ერთ ქალაქის მუნიციპალიტეტის გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებდა, რომ ის მილიონერი იყო. ასეთი საბუთი თუ რომელიმე ქვეყანაში გაიცემოდა, პირველად მაშინ გავიგე.
საკუთარი ფინანსურ შესაძლებლობების შესახებ ეჭვები რომ გამიფანტა, მოსაუბრე თავისი იდეის რაციონალურობაში დარწმუნებასაც შეუდგა. მისი პროექტით, ყველა ბავშვი თუ დილით რამდენიმე გრამ ბადაგს, დიახ, ყურძნის წვენს თუ დალევდა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებოდა ქვეყანაში სწავლის შედეგები. მისი მონაყოლით, მას უკვე ჰქონდა ჩატარებული ამ ეფექტის დამადასტურებული ექსპერიმენტი იმავე რუსულ ქალაქში, რომელსაც უკვე მისი საბუთებიდან ვიცნობდი.
ჩემს მოსაუბრეს სხვა მიმართულებითაც ჰქონდა ჩატარებული ფრიად საინტერესო ექსპერიმენტი. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მისი მონაყოლის მიხედვით, მან ახალგაზრდებს სამი შემადგენლობის ყავა დაალევინა: უშაქრო, შაქრით და ბადაგით შეზავებული. მისი მტკიცებით, ბადაგს ყველაზე მეტი მოწონება შეხვდა. ექსპერიმენტი საკმაოდ პროფესიონალურად ჰქონდა დაგეგმილი. მონაწილეებმა არ იცოდნენ, რა შემადგენლობის ყავას სვამდნენ. მონაცემებიც სტატისტიკურად დამუშავებული ჰქონდა. შესაბამისად ბადაგი არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელიც გამოდიოდა.
მესამე არგუმენტი ბადაგის სკოლაში შეტანის ტექნოლოგიას ეხებოდა. მას შემუშავებული ჰქონდა სპეციალური, დაახლოებით სიგარეტის ღერის ფორმის და ზომის ფორმის მცირე კონტეინერი, რომელშიც ბადაგს ჩაასხამდა. ამ ინოვაციური და კომპაქტური მეთოდით სკოლებში ბადაგის დისტრიბუცია უნდა გაადვილებულიყო. სრული დამაჯერებლობისთვის, მუშა პროტოტიპიც კი მოტანილი ჰქონდა.
დამატებით, პედაგოგიური, გემოვნებისა და ტექნოლოგიური არგუმენტების გარდა, ის სოციალური და ეკონომიკური შედეგებით იყო მოტივირებული. მისი პროექტი ყურძნის გასაღების პრობლემების მოგვარებასაც უნდა დახმარებოდა, გლეხობისთვის ახალი გასაღების ბაზრის შექმნის გზით. გლეხების სოციალური პრობლემები შემცირდებოდა, ეკონომიკის ზრდა კი დაჩქარდებოდა.
ამ არგუმენტების მოსმენის შემდეგ, რჩებოდა მნიშვნელოვანი კითხვა იმის შესახებ, თუ რას მოიმოქმედებდა თვითონ და რას ელოდა ის განათლების სამინისტროსაგან? გაირკვა, რომ პირადად სახელმწიფოს, ფულის ბადაგის წარმოების და დისტრიბუციის განვითარებაში ჩადებას პირდებოდა. სანაცვლოდ, სახელმწიფოსგან მისი პროდუქტის რეალიზებაში დახმარებას ელოდა. სამინისტროს ან ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა შეესყიდა მისგან ბადაგი, ან დაევალდებულებინა სკოლები, რომ თითოეული მოსწავლისთვის საკუთარი ბიუჯეტიდან დღეში ერთი ყლუპი ბადაგი შეეძინა.
ეს საუბარი დაახლოებით ათი წლის წინ შედგა. რადგან მსგავსი “საგანმანათლებლო” პროექტის შესახებ სავარაუდოდ ჯერ არ გსმენიათ, ალბათ მიხვდით, რომ განათლების სამინისტროსთვის ამგვარი შემოთავაზება მაშინ არ იყო საინტერესო. იმედი მაქვს, რომ დამატებით, ამ გამოცდილების გაცნობით უფრო მეტი იცით, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკური ინტერესის ლობირებით უპერსპექტივო და არაპოპულარული გადაწყვეტილება აიხსნას, რომლის არსიც შემდეგშია: განათლების სამინისტრომ, თითქოს ჯანსაღი კვების ჩვევების განვითარებისთის, 300,000-400,000 ლარი უნდა დახარჯოს, რაღაც პერიოდში, მოსწავლეების დაახლოებით 10%-ისთვის კვირაში ერთი ვაშლის სკოლაში მისაწოდებლად.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment