Saturday, September 2, 2017

თიანეთში მამის მიერ შვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

თიანეთში მამის მიერ შვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. kvirispalitra.ge-სთან საუბარში, ოჯახის ერთ-ერთი მეზობელი მომხდარის სავარაუდო ვერსიებზე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, ბოლო პერიოდში გარდაცვლილის მამას შვილთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. მისივე თქმით, გარდაცვლილის დედა ამჟამად უცხოეთში სამუშაოდაა წასული. 

„ბიჭიც და მამაც იმ სიტუაციის მსხვერპლნი არიან, რაც საქართველოშია, როდესაც ოჯახისთვის ლუკმა-პურის საშოვნელად დედები უცხოეთში არიან გადახვეწილები და შვილებისა და ქმრების იძულებით, წლობით მიტოვება უწევთ… ასე მოხდა ამ ოჯახშიც, სადაც სამი ბავშვი იზრდებოდა. სამივენი პატარები იყვნენ, როდესაც დედა ლუკმა- პურის საშოვნელად საზღვარგარეთ წავიდა და ბავშვები მამასთან მარტო დარჩნენ. ოჯახში დარჩენილი მამა ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ ტვირთს მაინც ვერ გაუძლო და ბოლოს სმას მიჰყო ხელი. აქედან დაიწყო ყველა უბედურება. უფროსი გოგონა ადრეულ ასაკში გათხოვდა, ბიჭმა კი სწავლაზე აიღო ხელი. არადა, ძალიან ნათელი გონების ბავშვი იყო, მამამ კი ვერ შეძლო შვილებს განათლების მიღებაში დახმარებოდა. ბიჭმა 9 კლასი რომ დაამთავრა, სკოლაში აღარ წავიდა, გამოაცხადა, ყველამ ხომ არ უნდა ისწავლოს, მე ვიმუშავებო, მაგრამ ვერ იმუშავა“, - განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა.

მისივე თქმით, მამას შვილთან განათლების მიღების გამო კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. 

„მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს, არავინ იცის, ზუსტად რა მოხდა, ან რა უთხრეს ერთმანეთს, მაგრამ საბრალო ბიჭი ღამე გამოვარდა ქუჩაში ყვირილით, - მიშველეთო. ბიჭს საძილე არტერია ჰქონდა დაზიანებული, ძალიან ღონიერი რომ არ ყოფილიყო, ამ მდგომარეობაში ქუჩამდე ვერც გამოაღწევდა. სასწრაფო რომ მოვიდა, ბიჭი ცოცხალი აღარ იყო“, - აღნიშნა მეზობელმა. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან თხუთმეტ წლამდე.
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment