კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის 22 წლის სტუდენტმა - გიორგი მჭედლიშვილმა, თანამოაზრე პედაგოგებთან და სტუდენტებთან ერთად შეიმუშავა სრულიად ახალი ძრავებისა და ფიუზელაჟის მომავლის თვითმფრინავის მოდელი, რომელმაც ნასას მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და 2017 წლის 26 სექტემბერს მიწვეულნი არიან NASA -ს სათაო ცენტრში პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციაზე.
"გრიფონის" იდეის ავტორები არიან გიორგი მჭედლიშვილი და მისი თანაკურსელი - ილონ გორდონი.
"ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის NASA -ს მიერ ჩვენი ტექნიკური ნაშრომის აღიარება. "კოლუმბიის კოსმოსური ინიციატივის" გუნდმა გაიმარჯვა NASA -ს აერონავტიკის გამოწვევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების, როგორც ბაკალავრის, ისე მაგისტრატურის გუნდები. ჩვენ მომავალი კომერციული თვითმფრინავის სრულყოფილი მოდელი შევქმენით, რომელიც მოიხმარს ნაკლებ საწვავს, უმნიშვნელოდ აბინძურებს გარემოს და საგრძნობლად ამცირებს გამოწვეულ ხმაურს. საუბარია ამ მოდელის იმპლემენტაციაზე 2025-2035 წლებში. კოლუმბიის უნივერსიტეტის გუნდმა აღნიშნულ გამოწვევაში პირველად მიიღო მონაწილეობა და ძალიან სასიხარულოა ჩვენი გულწრფელი ენთუზიაზმის ამ ფორმით დაფასება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს თავდაუზოგავი შრომისთვის და რწმენისთვის, რომ შეგვეძლო ჩვენი წვლილი შეგვეტანა მომავლის აერონავტიკის განვითარებაში. დიდი ინტერესით ველოდებით ჩვენი პროექტის პრეზენტაციას NASA -ს სათაო ცენტრში 26 სექტემბერს" - აცხადებს გიორგი მჭედლიშვილი.
intermedia.ge
No comments:
Post a Comment