Tuesday, October 17, 2017
ეკატერინე სხილაძე - მთავარი პრობლემაა ის, რომ სკოლებს არ აქვთ ჩამოყალიბებული სტრატეგია, თუ როგორ გამოავლინონ ბავშვის მიმართ ძალადობა
მთავარი პრობლემა არის ის, რომ სკოლებს არ აქვთ ერთიანი ხედვა, ჩამოყალიბებული სტრატეგია, თუ როგორ გამოავლინონ ბავშვის მიმართ ძალადობა, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას, სკოლებში ბავშვთა ძალადობისა და ბულინგის შესახებ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ აღნიშნა, სახალხო დამცველს რეკომენდაცია სხვადასხვა მიმართულებით აქვს.
„ჩვენ ვსწავლობდით ბავშვებს შორის ძალადობის ფაქტებსაც და გამოიკვეთა, რომ ბულინგი არის ურთიერთობის, კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა და დამეთანხმებით, რა მავნე შედგები მოაქვს ამას. ჩვენი რეკომენდაცია მიემართება იმისკენ, რომ მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ამ საკითხებზე, ასევე გაიზარდოს მასწავლებელთა კვალიფიკაცია და ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელზე ეს გარემოება აისახოს დადებითად. ასევე გამოწვევაა ერთიანი ხედვა და სტრატეგია პრობლემის მოგვარებისთვის. განათლების სამინისტრო მასწავლებლებისთვის ბევრ ტრენინგს ახორციელებს. ჩვენ ამას ვხედავთ, ასევე ვხედავთ სხვადასხვა აქტივობას, თუმცა, სამწუხაროდ, მონიტორინგის შედეგები გვიჩვენებს, რომ პრობლემა კვლავ მასშტაბურია, კვლავ საგანგაშო ვითარებაა და თუ სისტემური ხასიათი არ მიეცა, იქნება ეს მასწავლებელთა გადამზადება, თუ სკოლებში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი, ვფიქრობ, მოკლე ვადაში ეს პრობლემა ვერ აღმოიფხვრება“, - განაცხადა ეკატერინე სხილაძემ.
მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სპეციალური ანგარიშის “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობა” წარდგენისას განაცხადა.
ipn.ge
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment