ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის ინდიცენტთან დაკავშირებით 10 მოწმე დაიკითხა. პროცესზე ჩვენება მისცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის უფროსმა მერი შენგელაიამაც. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
შენგელაიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები რეპლიკებით "ქართული ოცნების" მხარდამჭერების გაღიზიანებას ცდილობდნენ, რამაც შემდეგ სიტუაცია დაძაბა.
„მე გავიგონე, როგორ შეიგინა ნიკა მელიამ მათი მისამართით, ვინც 41-ის შემოხაზვას აპირებდა. რაც შეეხება უშუალოდ ჩხუბს, დავინახე, როგორ ურტყამდა ხელკეტს ნაციონალების მომხრე ერთ-ერთ პირს. რა თქმა უნდა, შეუიარაღებელ ადამიანს რომ თავს ესხმიან, ესეც ხალხის გაღიზიანებას იწვევს. „ააგდეს“ მოსახლეობა, ეს მათი სტილია“, - თქვა მერი შენგელაიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან სიტუაციის დაძაბვასა და გინებაზე თქვა დეპუტატობის კანდიდატმა ამირან ლაგვილავამ, თუმცა, როგორც ამბობს, თავად მას ეს არ გაუგია.
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის პრესსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა კი თქვა, რომ ნიკა მელიას მხრიდან გინება არ გაუგია და არც ხელკეტი უნახავს, თუმცა თქვა, რომ ახსოვდა რამდენიმე ბრალდებული, რომელიც პროცესზე იმყოფებოდა.
"გიგა ლუკავა სკოლის ჭიშკართან იდგა რამდენიმე სპორტსმენთან ერთად და მითხრა, რომ არ გადამეღო. ისედაც გაღიზიანებულები არიანო, შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ახლა აქ ზის, იგივე მითხრა და დამემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კამერას დამილეწავდა. იყვნენ დაზიანებული და დაშავებული ადამიანები. ასევე ვნახე, როგორ ურტყამდნენ გამეტებით მანუჩარ ქარდავას", - თქვა მოწმემ.
პროცესზე ასევე დაიკითხა ინციდენტის დროს დაშავებული პოლიციელი ლაშა კვარაცხელია.
"სულ 8-9 პოლიციელი ვიყავით, სიტუაცია იმდენად უკონტროლო იყო, შუაში ვიდექით, ვაშველებდით, თუმცა არ მოგვისმინეს. ფიზიკურად ვერ გავწვდებოდით, თუ დაისვა კითხვა, რატომ არ დავაკავეთ ადგილზე ინციდენტში მონაწილე პირები", - თქვა მან.
კორცხელის ინციდენტი 2016 წლის 22 მაისს, კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან მოხდა. აღნიშნულ საქმეში 6 ადამიანია ბრალდებული, რომელთაც სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment