Tuesday, November 20, 2018

შშმ ბავშვების მშობლები მთავრობას საარსებო მინიმუმის ოდენობით დახმარების დანიშვნას სთხოვენ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ. ისინი საარსებო მინიმუმის ოდენობის ფულადი დახმარების დანიშვნას ითხოვენ. 
"შშმ პირთა ეს სპეციფიური ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფს საქართველოში, რადგან ეს ბავშვები სრულიად დამოკიდებულნი არიან მშობლებზე (ძირითადად დედებზე) კვების, გადაადგილების, ტუალეტის, კომუნიკაციისა და სხვა ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დროს.
შესაბამისად, დედები შვილის მუდმივი მზრუნველობის საჭიროების გამო, უმრავლეს შემთხვევაში იძულებულნი ვართ ვიცხოვროთ მუდმივ სიღარიბეში და შშმ შვილის პენსია - 180 ლარი - მოვახმაროთ, როგორც შვილის ძვირადღირებულ აუცილებელ საჭიროებებს, ისე საკუთარ თავს. ჩვენთვის დასაქმებაზე ფიქრიც კი ზედმეტია, რადგან დღის ცენტრებში და სკოლებში ბავშვის დატოვებაც გარკვეული დროით შეგვიძლია, რამდენიმე საათით სამსახურის მოძიება კი ურთულესი ამოცანაა. დასაქმების შემთხვევაში კი ანაზღაურება იმდენად მცირეა რომ შშმ ბავშვის მომვლელის დაქირავებასაც კი არ ჰყოფნის, რომ არაფერი ვთქვათ სხვა საჭიროებებზე.
ეს მძიმე ტვირთი მზრუნველების ზურგზე გადადის, იდება უდიდესი შრომა და რესურსი დედების მხრიდან, რასაც ეწირება ჩვენი ჯანმრთელობა. შშმ შვილის მოვლა, რომელსაც 24-საათიანი მეთვალყურეობა ესაჭიროება, მშობლებისაგან ყოველდღიურად მოითხოვს დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას, გამძლეობას, თუნდაც იმ სიმძიმეების აწევის მხრივ, რაც ახლავს ბავშვის გადაადგილებას. წლებთან ერთად შშმ ბავშვთა მზრუნველებს გვიუარესდება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობაც, ქვეითდება ჩვენი უნარები, ვბერდებით. ამას სდევს თანდათანობით უფრო და უფრო გაღარიბება. 
საქართველოში მცხოვრები 30 000-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მზრუნველთა სახელით, რომლებისთვისაც არათუ თქვენამდე მოღწევა, ზოგადად სახლიდან გამოსვლაც კი არ შეუძლიათ შშმ პირის/ბავშვის ზრუნვის აუცილებლობის გამო. ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია წარმოგიდგინოთ ხედვა ამ პრობლემების გადასაჭრელად, რაც მოიცავს მძიმე და ღრმა გონებრივი ჩამორჩენის და/ან მრავლობითი დარღვევები მქონე პირების სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას. კერძოდ:
1. ყველა ის პირი (მშობელი, მეურვე, მხარდამჭერი), რომელიც ზრუნავს სხვა მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე შშმ ბავშვზე და/ან სრულწლოვან პირზე, რომელსაც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვს და ასევე საჭიროებს სხვა პირის მუდმივ დახმარებას, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ იქნას, როგორც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფი. რაც შესაბამისი ხელშეწყობის მხარდაჭერით აისახება შშმ პირის სოციალურ პაკეტში;
2. აღნიშნული ჯგუფის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მასზე დამოკიდებული შშმ ბავშვის/პირის გამო უმუშევარნი არიან, დაენიშნოთ ფულადი დახმარება, ე.წ. ,,მზრუნველის დახმარება“, საარსებო მინიმუმის ოდენობით. 
3. იმ შემთხვევაში თუ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მეურვე/მზრუნველი დასაქმებულია, განთავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან, თუ ოჯახის წლიური შემოსავალი არ აღემატება 17000 ლარს.
გთხოვთ, დაგვეხმაროთ შევქმნათ ისეთი სოციალური დაცვის სისტემა და შესაბამისი სერვისები, რომ ოჯახებს სადაც მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანები ცხოვრობენ, მთელი ცხოვრება ქველმოქმედების ობიექტებად არ დარჩნენ. ეს ცვლილებები ჩვენს ოჯახებს ტვირთს შეუმსუბუქებს და დაიცავს, როგორც შშმ ბავშვებს/პირებს, ისე მზრუნველ ოჯახის წევრებს, და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ეს ერთგვარი პრევენციაა, რომ წლების შემდეგ შშმ პირები არ აღმოჩდნენ ინსტიტუციებში ან თავშესაფრებში. 2 თვის წინ ამავე მოთხოვნებით, მთავრობის კანცელარიაში შემოტანილ წერილს თან დავურთეთ პეტიცია 5000-მდე მოქალაქის ხელმოწერით.
გთხოვთ, ამ თემაზე დაწვრილებითი ინფორმაციის მოწოდების მიზნით შეგვხვდეთ რამდენიმე მშობელს", - წერია შშმ ბავშვთა მშობლების მიერ მთავრობისადმი გაგზავნილ წერილში.
მენტალური და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების ოჯახის წევრებმა და უფლებდამცველებმა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ღია წერილით ნოემბრის დასაწყისში მიმართეს. მაშინდელ წერილში ეწერა ო, ადამიანებზე, რომლებიც დღემდე სახელმწიფო მიერ დაფინანსებულ დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრობენ. ასეთი სულ 730 ადამიანია. 
ნოემბერშივე ცნობილი გახდა, რომ შშმ პირებისთვის სოციალური პაკეტის 20 ლარით გაზრდაა დაგეგმილი.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment