Friday, November 30, 2018

ვინ მოხვდა ვალების განულების სიაში - ვებგვერდი, რომელიც მზად 3 დეკემბერს უნდა ყოფილიყო, ჯერ ვერ ამოქმედდება

ვებგვერდი, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ნახონ მოხვდნენ თუ არა ვალების განულების სიაში, შესაძლოა 3 დეკემბრამდე მზად არ იყოს. 

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ერთიანი ბაზა გაკეთდება და 3 დეკემბრიდან უკვე მზად იქნებოდა ვებგვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს ექნებოდა შესაძლებლობა თავისი მონაცემები შეეყვანა და ენახა მოხვდა თუ არა დავალიანების ჩამოწერის პროგრამაში.
თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ფონდ „ქართუში“ განუცხადეს, ვებგვერდი ჯერ მზად არ არის, რადგან სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან კონკრეტული მევალეების სია ჯერ არ მიუღიათ. 

„ვებგვერდს ვამზადებთ, 
თუმცა, მისი შინაარსით შევსება დამოკიდებულია კომპანიებზე, რომლებმაც უნდა მოგვაწოდონ კონკრეტული სიები და ველოდებით. მთავარია კონტენტი მივიღოთ, რის შემდეგაც ვებგვერდს ძალიან მალე გავააქტიურებთ,“-აღნიშნავენ ფონდში. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი შეეხება თუ არა ვალების განულების ეს აქცია „ვივუსის“ მსესხებლებს. როგორც ცნობილია, „ვივუსთან“ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები რომ ფონდ „ქართუს“ სასესხო დავალიანები მათგანაც შეესყიდა. თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ფონდში განუცხადეს, „ვივუსთან“ შეთანხმება ჯერ კიდევ არ მომხდარა. ფონდში არ აკონკრეტებენ მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს თუ არა ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციასთან თუ „ვივუსთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 

შეგახსენებთ, რომ დავალიანებების ჩამოწერა დაახლოებით 600 
ათას ადამიანს შეეხება. ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და სრულად ჩამოიწერება 31 დეკემბრის ჩათვლით.

თაია არდოტელი
bpn.ge

No comments:

Post a Comment