Wednesday, November 21, 2018

ეკა ბესელია: არასამთავრობოებს წყაროს გაუთქმელობის ვალდებულება არ აქვთ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბებაზე მესამე სექტორის განცხადებას და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების პროკურატურაში დაბარებას ეხმიანება. ეკა ბესელია ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დაასახელონ, ვისგან მიიღეს ინფორმაცია. ბესელიას თქმით, მესამე სექტორის წევრები იმ გამონაკლისთა ჩამონათვალში არ არიან, რომლებსაც წყაროს გაუთქმელობის უფლებას კანონი ანიჭებს.
„ასეთი გამონაკლისთა შემთხვევებით, კანონით სარგებლობენ მხოლოდ კონკრეტული პირები და არსებობს ჩამონათვალი. მაგალითად: ადვოკატი, პარლამენტის წევრი, მოძღვარი, ჟურნალისტი და სხვა. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ რაღაც გაყალბებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი და წყაროს არ ასახელებს, ეს არ არის სერიოზული პოზიცია და განცხადება. ამოცანა ხომ ის არის, რომ გადავამოწმოთ, გამოვავლინოთ თუ არის რაიმე დარღვევა. ამ ფონზე ასეთი განცხადებები არ ჩანს სერიოზულად და გაცილებით უფრო მძიმე ფონს ქმნის მეორე ტურისთვის. გამოძიების დაწყება ეს არის ზუსტად დემონსტრირება, რომ ხელისუფლება თვალს არ ხუჭავს საჯაროდ გაკეთებულ ასეთ განცხადებებზე ისეთ პირობებშიც კი, როცა ოფიციალური მიმართვაც არ ყოფილა და ახლა თუ ამბობენ, რომ არ აქვთ არანაირი ფაქტი და რაღაცას ყურმოკვრით ამბობენ. ეს არ ტოვებს სერიოზულ შთაბეჭდილებას“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა მათ ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. მათი განცხადებით, ამ პირის ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა
ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიშა ბენიძე მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, მთავარ პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე არიან. ცნობილია, რომ გიგაური პროკურატურაში ყალბი პირადობების დაბეჭდვაზე ინფორმატორის დასახელებას არ აპირებს
imedinews.ge

No comments:

Post a Comment