Thursday, November 15, 2018

აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით მერია უზრუნველყოფს



აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით თბილისის მერია უზრუნველყოფს.
თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ზემო ფონიჭალაში, N23 საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე მივიდა.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს სხვადასხვა მისამართზე გადაიყვანენ და მათ დროებითი საცხოვრებლით დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს. 
„სიტუაცია ძალიან მძიმეა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გამო მოხდა, თუმცა ზუსტი მიზეზი მოგვიანებით დადგინდება. დანგრეულია კორპუსის რამდენიმე სართული, არიან დაშავებულებიც. გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე პირადად მე არ მაქვს. გვერდით კორპუსებზე არანაირი პრობლემა არ არის. იმ კორპუსის მცხოვრებლები კი, სადაც აფეთქება მოხდა, საცხოვრებელი სახლებიდან არიან გამოყვანილი. მათ სხვადასხვა მისამართზე გადავიყვანთ. ამის უზრუნველყოფას დედაქალაქის მერია და გამგეობა მოახდენს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
თბილისის მერის თქმით, კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, შემოწმება ჩაუტარდება და დადგინდება, რამდენად უსაფრთხო იქნება სამომავლოდ საცხოვრებლად. მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შენობის გამაგრების სამუშაოებს დედაქალაქის მერია განახორციელებს. 
ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების, საკრებულოსა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც დაზიანებისა და შენობის უსაფრთხოების საკითხს სწავლობენ.
ზემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე მაშველები ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment