Wednesday, November 21, 2018

პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცლებს.
სამსახურის ცნობით, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში, ყველა ეტაპზე გაეწია ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროებების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც გულისხმობს კლინიკო-ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევებით უზრუნველყოფას, სხვადასხვა პროფილის ექიმი-სპეციალისტების კონსულტაციების ჩატარებასა და დადგენილი დიაგნოზების შესაბამის მკურნალობას როგორც პენიტენციური სისტემაში, ისე სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკებში.
„შესაძლო ეგზოგენური ინტოქსიკაციის გამორიცხვის მიზნით, მსჯავრდებულს ტოქსიკოლოგების რეკომენდაციით, მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, შპს „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ შორის გამოკვლეულ იქნა სისხლში ტყვიის შემცველობა, შედეგით - ნორმის ფარგლებში.
ამასთან, გამოკვლევების შედეგების გათვალისწინებით, მწვავე და ქრონიკული ეგზოგენური ინტოქსიკაციის ნიშნები გამოირიცხა. ტოქსიკოლოგიური მიმართულებით, დამატებითი გამოკვლევების ჩატარება ობიექტურ-კლინიკურ შეფასებისა და არსებული მონაცემების გათვალისწინებით, რეკომენდებული არ ყოფილა. ასევე, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის ჩატარება არცერთი პროფილის ექიმი-სპეციალისტის მიერ საჭიროდ არ იქნა მიჩნეული.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული, სტაციონარული მკურნალობის კრიტერიუმის ამოწურვის შემდეგ, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გადაყვანილი იქნა სასჯელის მოხდის ადგილას.
მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს შპს „მედიქლაბ ჯორჯიას“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკიდან გაწერის ეტაპზე იყო დამაკმაყოფილებელი“ - წერია განცხადებაში.
ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. 
საერთო სასამართლოებში მერაბიშვილის მიმართ განხილული საქმეები და სასჯელის ვადები ასე გამოიყურება: 1.“აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე - 2 წელი და 3 თვე; 2. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა - 3 წელი; 3. აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს - 4 წელი და 6 თვე; 4. მითვისება გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა - 5 წელი; 5. ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება - 6 წელი და 9 თვე. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამ განაჩენით, მერაბიშვილს გათავისუფლება 2020 წლის მარტში უწევს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment