Tuesday, November 20, 2018

ქართველ ებრაელთა სათვისტომო სააკაშვილის ანტისემიტურ განცხადებას გმობს

ქართველ ებრაელთა სათვისტომო მიხეილ სააკაშვილის მიერ "ქართული ოცნების" ისრაელელი პიარკონსულტანტის მოშე კლუგჰაფტის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. სათვისტომო სააკაშვილის ამ განცხადებას ანტისემიტურს და დისკრიმინაციულს უწოდებს და გმობს მას.
"ჩვენ, ქართველი ებრაელები, აღშფოთებულები ვართ და ვგმობთ მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ და დისკრიმინაციულ განცხადებას მოშე გლუკჰაფტის მიმართ.
სააკაშვილის სიტყვები შეურაცხყოფს არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, მოშე გლუკჰაფტს, არამედ მთელ ებრაელ ხალხს და განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია საქართველოში მცხოვრები ებრაელებისთვის.
ქართველ და ებრაელ ერს შორის არსებობს 26 საუკუნოვანი სამაგალითო და-ძმობა, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და ამას ვერაფერი დააზიანებს, მითუმეტეს ვიღაცის კერძო, არაკორექტული გამოხტომები.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ებრაელების მიმართ სიძულვილის ენას იყენებს. კარგად გვახსოვს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის შოთა შალელაშვილის მიმართ იმავე შინაარსის ანტისემიტური, დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი სიტყვები იქნა გამოყენებული.
სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებულ, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ განცხადებაზე შესაბამის რეაქციას ველით პოლიტიკური ძალების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.
დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება დაგმობს და გაემიჯნება სააკაშვილის განცხადებებს და ყველას კიდევ ერთხელ დაანახებს ორ ერს შორის მეგობრობის ღირსეულ მაგალითს", - წერია ქართველ ებრაელთა სათვისტომოს განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში "ქართული ოცნების" პიარსპეციალისტ მოშე კლუგჰაფტს „ებრაელი აფერისტი“ უწოდა. 
"აგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 
სააკაშვილის ეს განცხადება 19 ნოემბერს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმაც დაგმო. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment