12 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, 2006 წელს ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. მორალური კომპენსაცია რუსეთიდან გამოძევებულ სულ მცირე 1500 ადამიანზე უნდა განაწილდეს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
21 დაზარალებული ქართველის საჩივარი “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2007 წლის მარტში შეიტანეს. 2016 წლის 20 დეკემბერს, ქართველების ინდივიდუალურ სარჩელებზე რუსეთის გამამტყუნებელი ვერდიქტი დადგა.
დეპორტირებულების საქმეზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი სარჩელის კომპენსაციის ნაწილი, სავარაუდოდ გავრცელდება ინდივიდუალური მოსარჩელეების იმ ნაწილზეც, რომელიც არ დაკმაყოფილებულა.
რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი გამოძევებისას 2006 წელს სამი ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთი მათგანი აფხაზეთიდან დევნილი მანანა ჯანელია იყო, რომელმაც პატირმობაშივე მოუგო რუსეთს, თუმცა, სუსტი ჯანმრთელობისა და მძიმე ემოციური ფონის გამო, თავისუფლებას ვერ მოესწრო, - ის თანასაკნელებმა გათავისუფლებამდე ორი დღით ადრე, ლოგინში გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ ბუტირკის სპეციალური განყოფილების ყოფილი უკანონო პატიმარი მზია სალაყაია გვიყვება, რომელიც ერთ-ერთია, ვინც მაშინ ციხის ჯოჯოხეთს გაუძლო და 12 წლის შემდეგ რუსეთს საქმე მოუგო.ტელევიზიით გავიგეთ, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოზე ძალიან იყო გაბრაზებული, ქართველებს პანტა-პუნტით იჭერდნენ, სამშობლოში სატვირთო თვითმფრინავით უშვებდნენ... შემეშინდა და თითქმის ერთი თვის განმავლობაში სახლიდან არ გამოვსულვარ, მაგრამ როდემდე დავიმალებოდი?! არადა, ვიცოდი, რომ სადარბაზოში, ზოგ შემთხვევაში კი, კარებთანაც იყვნენ რუსი მილიციელები ჩასაფრებული.
ერთ დღესაც, ერთ-ერთი მეტროს შესასვლელთან დამავლეს ხელი და ისე ჩამაგდეს მანქანაში, არც უთქვამთ ვინ იყვნენ, არც ჩემთვის მოუთხოვიათ საბუთი... მილიციის განყოფილებაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და თავი მომიხილეს, რაც ძალიან შეურაცხმყოფელი იყო... მაშინ ჩემით მივხვდი, რომ საკანში უნდა გადავეყვანეთ და ასეც მოხდა, - ბუტირკის ქალთა სპეცგანყოფილებაში გადამიყვანეს.
- რა ვითარება დაგხვდათ იქ?
- იქ თვეზე მეტ ხანს მომიწია ყოფნა და უმძიმესი პირობები იყო... ყველაფერთან ერთად, ისეთი საშინელი საჭმელი იყო, ახლაც მიკვირს ცოცხალი როგორ გადავრჩი, - ყველაზე იაფიანი თევზის კონსერვისგან გაკეთებული რაღაც წვნიანივით ჰქონდათ, შესახედადაც კი შეგძრავდა...
რაც შეეხება ციხის თანამშრომლებს, - ლოიალურობით არც ერთი გამოირჩეოდა, მაგრამ ერთ-ერთი იყო განსაკუთრებული თავისი არაადამიანური ქცევებით, რის გამოც “ანაკონდა” შევარქვით, - საპირფარეშოში შესვლას, წყლის დალევასა და ბანაობასაც კი გვიშლიდა. იმ პირობებში მეტი რაღა უნდა მოგვეთხოვა და ელემენტარულ რაღაცებსაც კი გვიკრძალავდა...
- თქვენს გარდა კიდევ იყვნენ ქართველები?
- დიახ, სულ 6 ქართველი ვიყავით, ჩემს გარდა კიდევ ერთი იყო აფხაზეთიდან დევნილი. მათგან ერთი ქუთაისელი იყო და ერთი წყალტუბოელი... ყველას ერთი და იგივე “დანაშაული” გვქონდა, საბუთების არქონა. ჩვენთან ერთად იყო კიდევ ერთი ქალი, მანანა ჯანელია, რომელიც ამტკიცებდა, რომ საბუთები წესრიგში ჰქონდა. შვილი და ადგილობრივი, რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ეხმარებოდნენ, გვარი არ მახსოვს... ამის ნიადაგზე, მანანამ შიმშილობა დაიწყო. მეც ვაპირებდი, მაგრამ მაღალი არტერიული წნევა მქონდა და ერთ დღეზე მეტ ხანს ვერ შევძელი... ვთხოვე კიდეც, - მანანა, ჩვენ არ გვიწყობს ხელს ჯანმრთელობა და შეძლებ ამის გაკეთებას-მეთქი? – უნდა შევძლოო, მითხრა.
მე საქართველოს კონსულს ვითხოვდი, - მომიყვანეს ბატონი პატარაძე, ვუამბე ჩემი გასაჭირის შესახებ, თუმცა, მანამდე იმ ქუთაისელმა ერთ-ერთი მნახველის დახმარებით საკანში ჩუმად ტელეფონი შემოიტანა და ერთთვიანი ჯოჯოხეთური პერიოდის შემდეგ, ჩემს ოჯახში, ჩემს ქალიშვილთან დავრეკე და ვაცნობე, რომ ცოცხალი ვიყავი... ასე მოიქცნენ სხვებიც... ჩემმა შვილმა არ იცოდა, მე ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი და ისე განიცადა, მეგონა, ემოციისგან გული გაუსკდებოდა. ავუხსენი რაც დამემართა. მას ცალკე დაუწყია გზების პოვნა ჩემს გასათავისუფლებლად. ძალიან დაეხმარა ნიკა გვარამია, რომელიც სოხუმში მისი სკოლელი და რაღაც პერიოდი, ჩემი მოსწავლეც იყო...
პატარაძემ შეიძინა ჩემთვის ბილეთი, მე ფულიც არ მქონდა. ტანზე რაც მეცვა, იმით ამიყვანეს. ერთი სიტყვით, - მოსკოვიდან ბაქოში ჩარტერული რეისით ჩავფრინდი და იქიდან, საქართველოში ჩამოვედი.
მანანა შიმშილობას განაგრძობდა. მას შემდეგ რაც მე ციხე დავტოვე, მისი სასამართლო პროცესი ყოფილა, სადაც გაიმარჯვეს, მაგრამ პირდაპირ დარბაზიდან არ გაუთავისუფლებიათ, საბუთებია გასაფორმებელიო და საკანში შეუბრუნებიათ. ორ დღეში ციხე უნდა დაეტოვებინა, თუმცა, იმდენად სტრესული ემოციური ფონი ჰქონდა, ვერ გადაიტანა და დილით, 6 საათზე ქალებს ლოგინში უპოვნიათ გარდაცვლილი, ციხეშივე დაიღუპა... მას შემდეგ 12 წელი გავიდა და მის ტკივილს გულით ვატარებ, მთელი ცხოვრება ასე იქნება...
- ელოდით, რომ ერთ დღესაც რუსეთს მოუგებდით?
- არა, მიუხედავად იმისა, რომ ამ 12 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროდან მუდმივად მეხმიანებოდნენ, ზოგჯერ მეც ვკითხულობდი, - რა ხდება ჩვენს საქმეზე-მეთქი. ეს არის პატარა საქართველოს გამარჯვება დიდ და ბოროტ რუსეთზე, რომლისთვისაც უდანაშაულო ადამიანების უფლებები არაფერს ნიშნავს.
ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, რუსეთმა კომპენსაციის გადახდა 31 იანვრიდან სამი თვის პერიოდში უნდა დაასრულოს, ყოველ გადაცილებულ დღეზე მას შესაბამისი ჯარიმა ეკისრება.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment