Monday, March 4, 2019

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მამუკა ხაზარაძეს უსმენენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "თიბისი ბანკის" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს უსმენენ. ხაზარაძემ დეპუტატებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია, რომელიც 2007-2008 წლებში განხორციელებულ იმ ტრანზაქციას ეხება, რის გამოც „თიბისი ბანკის“ ირგვლივ აჟიოტაჟია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ჩვენ გვჭირდებოდა თანხა, 17 მილიონის ოდენობით და მის სასესხებლად მივედით ორ ბიზნესმენთან, ერთი არის ავთო წერეთელი და მეორეს არ დავასახელებ, რადგან ძალიან ცნობილი პირია. მათ მივმართეთ, რომ გვჭირდებოდა 17 მილიონი. დაისვა კითხვა თუ რაში გვჭირდებოდა, ჩვენ ვუპასუხეთ, რომ J.P. Morgan-მა მოგვცა 60 მილიონი საუკეთესო პირობებით, გარანტია გადახდის არის ეს, გარიგებას ვხურავთ აგვისტოს შუა რიცხვებში და თქვენგან გვჭირდება მოკლევადიანი სესხი, რათა დაირიცხოს ეს თანხა. ავთო წერეთელი ჩემი მეგობარია, პარტნიორი და ვამაყობ მასთან მეგობრობით. არაერთხელ, როცა ჯერ კიდევ პირველ მაღაზიას ვხსნიდი, „ბატა“ იყო ეს თუ „ბაბილონი“, ავთო იყო ის ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ხელშეკრულებების და წინაპირობების გარეშე. ამ ურთიერთობას მე ვაფასებ, რამეთუ თუ ბიზნესი დაუბრუნდება ამ ჯენტლმენურ, ხელის ჩამორთმევით ურთიერთობებს, მგონი ეს ძალიან წაადგება ყველაფერს. მე არაერთხელ ამიღია სესხი მისგან და მისი კომპანიისგან და ეს სესხები არასდროს ყოფილა დაკავშირებული „თიბისი ბანკთან“. მე სატელეფონო საუბარი განვახორციელე ავთო წერეთელთან, ვუთხარი, რომ მჭირდებოდა თანხა, მითხრა როდის, რა გაქვს გარანტია, ავუხსენი სიტუაცია და ავთოსგან ავიღე 17%-იანი სესხი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, "თიბისი ბანკის“არაპროფილური ბიზნესი არ ჰქონია.
"ვერც ერთ ბიზნესში თქვენ ვერ ნახავთ, რომ "თიბისი ბანკს“ გაეკეთებინოს ინვესტირება იქ, სადაც მე და ბადრი ვიყავით აქციონერები. აი ეს ყბადაღებული არაპროფილური ბიზნესები "თიბისი ბანკს“ არ ეხება. მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ და არასდროს ჩვენ ასეთი ოპერაცია არ გვიკეთებია“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, ხაზარაძის თქმით, ის 27 წელი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. მან სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქცია და საქმიანობა განმარტა და აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ფუნქცია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მოადგილეს და წევრებს არ გააჩნიათ, მათ არ აქვთ უფლება, ჩაერიონ საკრედიტო, რისკების ან ნებისმიერ სხვა კომიტეტებში, რომლებიც ბანკში სტრუქტურულ ერთეულადაა ჩამოყალიბებული.
„ჩვენ გვქონდა ორი მცდელობა, პირველი ჩვენ ვნახეთ ინვესტორი სწრაფად, ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი „ლეუმი“ ბანკი. საკითხი იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთი აქციონერი, ორი საერთაშორისო საფინანსო აქციონერიდან, როგორც კი გაგვაჩერეს, მოვიდა წინადადებით, რომ ჩვენ მთლიანად უნდა გაგვეყიდა ბანკი. ეს იყო კატეგორიული მოთხოვნა, გაგიკვირდებათ, როგორ შეიძლება 10-მა პროცენტიანმა დამფუძნებელმა ეს გააკეთოს, მაგრამ, როცა 2000 წელს ისინი მოვიწვიეთ ჩვენი კორპორატიული კულტურის გასაძლიერებლად, მათ მივეცით ძირითად საკითხებზე ვეტოს უფლება. ბანკი ჩერდება, მოდის აქციონერი და გვეუბნება, უნდა გაყიდოთ ბანკი. ჩვენ ვეუბნებით, რომ იქნებ ვიპოვოთ ინვესტორი, რომელიც პირველ ეტაპზე შემოვა, როგორც მინორიტარი, შემდეგ მზად ვართ, საკონტროლო პაკეტი გადავცეთ, მაგრამ მოგვეცით საშუალება, გავაგრძელოთ ბიზნესის კეთება“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი დოკუმენტალურად დასაბუთებულია და კომიტეტზე წარადგენს მხოლოდ იმ დოკუმენტებს, რომელიც ხელმოწერილი და სამართლებრივად სავალდებულოა.
„ჩვენ მოვაწერეთ ასეთ დოკუმენტს ხელი „ლეუმი“ ბანკთან, სადაც ისინი შემოდიოდნენ 19.9 პროცენტით, საკმაოდ სერიოზული მულტიპლიკატორზე შევთანხმდით. ამ დოკუმენტის მოწერის შემდეგ, ეს ერთ-ერთი აქციონერი, კიდევ ვიღაცეებთან ერთად, მიემგზავრება ჩვენს გარეშე ისრაელში და ვეტოს ადებს ამ გარიგებას. ამას მოჰყვა ის, რომ „ლეუმი“ ბანკმა გვიჩივლა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში, რადგან სერიოზული თანხა ჰქონდათ დახარჯული და გაოცებული დარჩნენ, რატომ იქნა ეს დოკუმენტი დაბლოკილი“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, სურათი ასეთი იყო: რომ „თიბისი ბანკი“ გაჩერებულია, ეკონომიკა იზრდება, „თიბისი“ პატარავდება და მის ადგილს სხვა იკავებს.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში გასულ კვირასაც იყვნენ, თუმცა მაშინ საკომიტეტო მოსმენა ჩაიშალა. 
21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა, ბანკმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის. ასევე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბანკიდან მიდის. 
საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 28 თებერვალს პროკურატურამ გაასაჯაროვა ვიდეო სქემა, რომლითაც „თიბისი ბანკის“ საქმე გაშიფრა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment