Wednesday, March 21, 2018

0.1133 გრამი კანაფისა და 6 აბი MDMA-სთვის ახალგაზრდა 8 წლით დააპატიმრეს


თბილისის საქალაქო სასამართლომ 0.1133 გრამი კანაფისა და 6 აბი MDMA-სთვის 28 წლის მამუკა ბერძენიშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 
სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმის მასალების თანახმად, წარსულში ნარკოდანაშაულისათვის მსჯავრდებულმა მერაბ ბერძენიშვილმა პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის პირობებში, 2017 წლის 29 ივნისს, ჩაიდინა ახალი დანაშაული.
"საქმეში არსებული და სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ამასთანავე ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული ქმედება. სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო დანაშაულის რეციდივი, სასჯელის დანიშვნისას, გაითვალისწინა რომ ბრალდებულის წინა ნასამართლობა იყო მისი ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება (არაერთგზისობა), ასევე სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებული აღიარება და ის ფაქტი, რომ აღნიშნული ქმედებისათვის კანონმდებლის მიერ განსაზღვრულია საკმაოდ მკაცრი სასჯელი. შესაბამისად, სასამართლომ მ. ბ.-ს, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამასთანავე,  სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ ისარგებლა დისკრეციული უფლებამოსილებით და ნაცვლად ნაწილობრივი ან სრულად შეკრებითობის პრინციპისა, გამოიყენა შთანთქმის პრინციპი, რომლის თანახმადაც, 2014 წლის 15 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი პირობითი მსჯავრი - 3 წელი, იმავე გამოსაცდელი ვადით, შთანთქა ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. 
შეგახსენებთ, რომ 5 მარტს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადავადდა. 
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა. თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ცნობილია, რომ უმრავლესობის ნაწილი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. 
2017 წლის 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 2017 წლის 29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment