საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სალომე ტატიშვილის საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
"პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში განვითარებული მსჯელობა გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით ქმნის საშიშ პრეცენდენტს და ფაქტობრივად თვითიმედოვნებით ჩადენილ დანაშაულს დაუსჯელს ტოვებს. სასამართლო მსჯელობა არ არის დამაჯერებელი და რიგ შემთხვევებში უსაფუძვლოა,"- აცხადებენ საიაში.
განცხადებაში მოყვანილია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში დასახელებული არგუმენტები. ერთ-ერთ არგუმენტად სასამართლომ სათხილამურო სრიალისთვის დადგენილი წესების არარსებობა დაასახელა, მათ შორის სიჩქარის ლიმიტი, რომლითაც უნდა სრიალებდეს პირი.
ის, ფაქტი რომ არ არსებობს თხილამურებით სრიალთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები, საიას განცხადებით, პირს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, წინდახედულება გამოიჩინოს და გადაადგილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეიქმნას არც საკუთარ და არც სხვის სიცოცხლეს.
ორგანიზაციაში იმედს იტოვებენ, რომ პირველი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებით წამოჭრილ კითხვებს სააპელაციო სასამართლო გასცემს პასუხს, სადაც სალომე ტატიშვილის საქმეზე დღეს პირველი პროცესი გაიმართება.
სააპელაციო სასამართლოში სხდომა დღეს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სასამართლოს ეზოში დაღუპული გოგოს ოჯახი და ახლობლები გეგმავენ აქციას, სახელწოდებით – „სამართლიანობისთვის სალომეს სახელით“.
მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარე პირველი ინსტანციის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა.
არასრულწლოვანი 2016 წლის იანვარში გუდაურში, სრიალისას, თხილამურებზე მდგომი ლიპარტელიანის დაჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობდა.
საია სალომე ტატიშვილის ოჯახის ინტერესებს გამოძიების ეტაპიდან იცავს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment