Thursday, March 29, 2018

ომბუდსმენი: ვახტანგ შაქარიშვილის რეპლიკა სექსისტურია


სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ვახტანგ შაქარიშვილის რეპლიკას – „რა არის ეს? ბოზი ქალებივით ყვირიხართ“, რომლითაც მან თბილისსი გენგეგმის საჯარო განხილვაში მონაწილე პირებს მიმართა. ამის შესახებ ომბუდსმენმა განცხადება გაავრცელა. 
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეს გამონათქვამი სექსისტური შინაარსისაა და ქალთა კონკრეტულ მდგომარეობას დამამცირებელ კონტექსტში მოიაზრებს.
"მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, ხოლო საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი სტერეოტიპები, რომელიც, ცალკეულ შემთხვევებში, ქალს დამამცირებელ მდგომარეობაში წარმოაჩენს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირთა მიერ სექსისტური და დისკრიმინაციული ხასიათის გამონათქვამები აკნინებს საზოგადოებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და ხელს უშლის გენდერული თანასწორობის მიღწევას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ვახტანგ შაქარიშვილს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური შინაარსის გამონათქვამებისგან და მისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
თბილისის საკრებულოს წევრმა ვახტანგ შაქრიშვილმა, თბილისის გენგეგმის განხილვაზე, მის მიერ გამოთქმული შეურაცხმყოფლური განცხადებების გამო, საზოგადოებას ბოდიშს მოუხადა. "მე ვთხოვ საზოგადოებას გაცხარება მომიტევოს", -  თქვა შაქარიშვილმა. 
სასტუმრო "ბილტმორში" თბილისის გენგეგმის განხილვას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ამასთან დაკავშირებით, ევროპული საქართველოს წევრმა და თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შაქარიშვილმა მას შეურაცხყოფა მიაყენა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment