Sunday, May 21, 2017

მე-12 კლასელებს ქართულის გამოცდა არ გაძნელებიათ – როგორ წარიმართა საატესტატო გამოცდების პირველი დღე

დღეს, 2017 წლის სკოლის საატესტატო გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1500 საჯარო სკოლაში, დილის ცხრა საათზე დაიწყო. ელექტოენერგიის მიწოდების შეფერხების გამო, პროცესი რამდენიმე საათით შეჩერდა ოთხ საჯარო სკოლაში, თუმცა მოგვიანებით ხარვეზის აღმოფხვრა შეძლეს.
წელს პირველად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური საჭიროების მქონე 35 მოზარდისთვის, საგამოცდო სივრცის ადაპტირება შეძლო.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დილიდან ხალხმრავლობა იყო თბილსის 52-ე საჯარო სკოლაში. მე-12 კლესელების დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ გამოცდა შეფერხებების გარეშე მიმდინარეობდა. საგამოცდო პროცესს ადგილზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გაეცნო. მისი განმარტებით, საგამოცდო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ოთხი სკოლის გარდა, არცერთ დაწესებულებაში ტექნიკური თუ სხვა სახის პრობლემები არ შექმნილა.
„დღეს მოსწავლეები აბარებენ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. საგამოცდო პროცესი 5 დღის გამავლობაში გაგრძელდება. მეხუთე დღე სარეზერვოა, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სკოლაში ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნება. იცით, რომ ელექტროენერგიაზე და ინტერნეტზე ვართ დამოკიდებული, საბედნიეროდ, ოთხი სკოლის გარდა, სხვაგან ამ მხრივ პრობლემა არ შექმნილა. გამოცდა ერთდროულად 1500-ზე მეტ სკოლაში ტარდება და 47 ათასზე მეტი მე-12 კლასელი მონაწილეობს. ტარდება იმავე სისტემით, რაც იყო შარშან, კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების სახით. ბარიერი არ შეცვლილა, 5,5-ია ისევ. ყველაფერი ძალიან მშვიდად მიდის. ოთხ სკოლას, სამს მარნეულში და ერთს აჭარაში შეექმნა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა. სამ მათგანში პრობლემა უკვე აღმოფხვრილია, ერთგან მიმდინარეობს მუშაობა. რაც მთავარია, პროგრამა ძალიან კარგად და გამართულად მუშაობს“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.
მისივე თქმით, ეროვნული გამოცდების ცენტრმა 35 სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდისთვის საგამოცდო სივრცის ადაპტირება შეძლო, თუმცა მსურველი გაცილებით მეტი იყო.
„წელს პირველად ავიღეთ ჩვენს თავზე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ჩაგვეტარებინა გამოცდები. წინა წლებში ამ ვალდებულებას განათლების სამინისტროში არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფი იღებდა და გამოცდას სხვა ფორმით ატარებდა. წელს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც უწევთ ჩვეულებრივ ეროვნული სასწავლო გეგმით სწავლა, შევქმენით სპეციალური პირობები. მაგალითად, თუ მოსწავლეს მხედველობის პრობლემის გამო უჭირს კომპიუტერთან მუშაობა, მას ნაბეჭდი ტესტი მოვუმზადეთ. ასევე საჭიროების მიხედვით, შრიფტის გაზრდაც დავუშვით. თუ სპეციალური მაგიდა და სკამი სჭირდებოდა მოსწავლეს, ესეც ვუზრუნველვყავით. 35 ასეთი მოსწავლეა მთელი საქართველოს მასშტაბით. მათთვის გავაკეთეთ ყველაფერი, რომ საკუთარ სკოლაში ჰქონოდათ ის პირობები, რაც სჭირდებოდათ, თუმცა მსურველი იყო გაცილებით მეტი. მულტიდისციპლინური ჯგუფისგან ბავშვების გაცილებით დიდი სია მივიღეთ. ჩვენ მათ წინასწარვე ვუთხარით რომ ეს არის სისტემა, რომელიც სრულიად გამჭვირვალეა. საგამოცდო ოთახი ვიდეოთვალით არის აღჭურვლი და მის გარეთ, სამწუხროდ, ჩვენ გამოცდის ჩატარებას ვერ უზრუნველვყოფთ. იყო შემთხვევები, როდესაც საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებული მოსწავლისთვის ითხოვდნენ ჩაგვეტარებინა გამოცდა, ან სახლის პირობებში. ეს შეუძლებელია, შეუძლებელია ასევე ასისტენტის დაშვებაც. ეროვნული გამოცდების შემთხვევაში სარეზერვო სექტორები გვაქვს და იქ შესაძლებელია ეს ყველაფერი. სკოლაში კი ასისტენტი ბუნებრივია სხვა მოსწავლეებს შეუშლის ხელს“, – განმარტავს მაია მიმინიშვილი ჩვენთან საუბარში.
სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდი გამოცდაზე არ ჰყავდათ თბილისის 52-ე საჯარო სკოლაში. იქ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე საკითხების დაძლევა მოსწავლეების დიდმა ნაწილმა განსაზღვრულ დროზე უფრო სწრაფად შეძლო.
„მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა დამამთავრებელი კლასისის მოსწავლეს წარმატებას ვუსურვებ. წელს ჩვენ 123 მე-12 კლასელი გვყავს. გამოცდა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ბავშვები არიან საკმაოდ თავდაჯერებულები და ჩვენც მაღალი მოლოდინი გვაქვს. ჯერ-ჯერობით 8,5-ზე დაბალი ქულა არავის არ მიუღია, წელს საკმაოდ კარგი ნაკადი გვყავს, საკმაოდ სწარაფადაც გამოდიან“, – განაცხადა 52-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა გიორგაძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
საგამოცდო პროცესთან დაკავშირებით ჩვენ დედაქალაქის 52-ე და 160-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც გავესაუბრეთ. მათი დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ საკითხები რთული არ იყო და ის გრამატიკის და ლიტერატურის კომპონენტებს თანაბრად შეიცავდა.
„ზოგადად, გამოცდა არც ისე რთული აღმოჩნდა, მთავარია გცოდნოდა ელემენტარული საკითხები. გრამატიკდან საკმაოდ ბევრი კითხვები იყო, მაგრამ ძირითადი ნაწილი უფრო ზოგად განათლებას ეფუძნებოდა. ბავშვი, რომელიც კარგად სწავლობს, კარგ ქულას აიღებდა“, – გვითხრა მე-12 კლასის მოსწავლემ ნია დათუაშვილმა.
„გამოცდა რთულია, როდესაც ნასწავლი არ გაქვს, მაგრამ როცა ყველა საკითხი ნაცნობია, რა თქმა უდა პროცესი უფრო მარტივი ხდება. ყველაფერი იყო აბსოლუტურად, ვერ ვიტყვი რომ საკითხები მარტო გრამატიკიდან იყო, ან მარტო კონკრეტული მწერლის შემოქმედებიდან, ყველაფერი შემხვდა. რეპეტიტორთან ბოლო ერთი წელი დავდიოდი 8,75 ქულა ავიღე, შედეგით კმაყოფილი ვარ“,- განაცხადა 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ჯული სამხარაძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
47 ათასიდან რამდენი მოსწავლე შეძლებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ბარიერის გადალახვას, ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული გამოცდების ცენტრი მოგვიანებით გამოაქვეყნებს, რომელსაც EDU.ARIS.GE შემოგთვაზებთ. 25 მაისამდე მოსწავლეები გამოცდას დარჩენილ საგნებში ჩააბარებენ. გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.
edu.aris.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment