ე.წ. ფოტოგრაფების საქმეში ბრალდებული დავით დევნოზაშვილი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პატიმრობის გაგრძელება პროკურატურა ითხოვდა. პროკურორ ემზარ გაგნიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულები უკვე დაიკითხნენ, კვლავ მაღალია რისკი, რომ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში კონტრდაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილე იმ მოწმეებზე ზეწოლას მოახდენს, რომელთა ვინაობაც მისთვის საქმის მასალებიდან ცნობილია.
ამასთან, პროკურორის განმარტებით, მოსალოდნელი მაღალი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით არსებობს მიმალვის საფრთხეც. ადვოკატის განცხადებით კი, ახალი გარემოების გამო წინასწარი პატიმრობა არ უნდა გაგრძელებულიყო. როგორც კახა წერეთელი ამბობს, დაზარალებულები და ძირითადი მოწმეები, იზოლატორის თანამშრომლები უკვე დაკითხულები არიან. მიმალვის საფრთხეს კი ბრალდების მხარე კონკრეტული არგუმენტებით ვერ ასაბუთებს.
ადვოკატი აღკვეთის გარეშე დატოვებას ან ალტერნატივის სახით გირაოს 10 000 ლარის შეფარდებას ითხოვდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობის საკითხი ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს. დევნოზაშვილი წინასწარ პატიმრობაში 2016 წლის დეკემბრიდან იმყოფება.
ფოტოგრაფების საქმეზე უკვე დაკითხეს გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2011 წლის 7 ივლისს ფოტოგრაფები დააკავა, მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. დაკავებული იყვნენ ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე.
პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით ფოტოგრაფები: გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.
კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი, უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. საქმეზე ასევე ბრალდებულია ალექსანდრე მუხაძე, რომელიც იძებნება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment