Wednesday, May 31, 2017

შსს არასრულწლოვნებისთვის საშიშ ინტერნეტ-თამაშზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ თამაშზე ("ლურჯი ვეშაპი"), რომლის წესების მიხედვითაც არასრულწლოვნები თვითდაზიანებებს იყენებენ და თვითმკვლელობითაც კი შეიძლება დაასრულონ სიცოცხლე, განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს და სსკ-ს 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.
გამოძიების მთავარ ინტერესს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად არის შემხებლობაში ინტერნეტში გავრცელებული თამაში ქართულ ინტერნეტსივრცესთან.
დანაშაულის პრევენციის მიზნით, შს სამინისტრო მოუწოდებს ინტერნეტმომხმარებლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისგან, რამაც, შესაძლოა, თავის მხრივ, მოზარდებში აღნიშნული თამაშის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.
ინტერნეტსივრცეში გავრცელებული თამაში „ლურჯი ვეშაპი“-ს ძირითად მომხმარებლებს 
 არასრულწლოვნები წარმოადგენენ. აღნიშნული თამაში გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შესაძლოა, შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც.
თამაშის დასასრულს, მოთამაშეს „კურატორი“ აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მას თვითმკვლელობისაკენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან ფატალური შედეგით სრულდება.
28 მაისს, საქართველოში, 12 წლის გოგო ე. წ. კურატორის დავალებით მე-5 სართულიდან გადახტა. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში წევს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment