მეოთხე კლასიდან მერვე კლასამდე მოსწავლეთა შედეგები საბუნებისმეტყველო მიმართულების საგნებში უარესდება, 15 წლის მოზარდებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, წაკითხულის გააზრებაში საქართველო 70 ქვეყნიდან 62-ე ადგილს იკავებს, ამას საატესტატო გამოცდებში 11 000-მდე ჩაჭრილი მოსწავლე ემატება. შეიძლება ითქვას, რომ ზოგადი განათლების საფეხურზე სისტემას სერიოზული პრობლემები აქვს.
საერთაშორისო კვლევის შედეგებმა საზოგადოება ისე აღაშფოთა, რომ განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თანამედროვე კომბლეც და სკოლის შესასვლელში დაწყობილი წითელი ვაშლების თემაც გადაფარა. ექსპერტები ზოგადი განათლების სისტემაში კომპლექსურ პრობლემებს ხედავენ. მათ შორისაა პედაგოგი, ექსპერტი განათლების სფეროში გია მურღულიაც, რომელსაც „პრაიმტაიმი“ ესაუბრა.
გია მურღულია:
– შედეგი რომ სახარბიელო არ არის და ყოველი მე-4 რომ ბარიერს ვერ ლახავს, ყველასთვის თვალსაჩინოა. ჩვენ ეს შედეგი დიდი ხანია გვაქვს და ის ფაქტი, რომ შედეგი არსებითად არ იცვლება, ნიშნავს, რომ სათანადო დასკვნები არ გამოგვაქვს ან შეიძლება დასკვნები გამოგვაქვს, მაგრამ მიზეზის აღმოსაფხვრელად კარგად ვერ ვმოქმედებთ. ამ შედეგის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს. ჩვენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და სასწავლო გეგმა გვაქვს. თავი დავანებოთ იმას, კარგია თუ ცუდი, შესაცვლელია თუ დასაკორექტირებელი. მთავარია, რომ სახელმწიფო მისი დანერგვისა და რეალიზების ხარისხს ვერ აკონტროლებს. მე და თქვენ შეიძლება კარგი გადაწყვეტილება მივიღოთ, მაგრამ, თუ ამ გადაწყვეტილების დანერგვას კარგად არ ვმართავთ, შეიძლება ეს გადაწყვეტილება ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდეს.
– შედეგი რომ სახარბიელო არ არის და ყოველი მე-4 რომ ბარიერს ვერ ლახავს, ყველასთვის თვალსაჩინოა. ჩვენ ეს შედეგი დიდი ხანია გვაქვს და ის ფაქტი, რომ შედეგი არსებითად არ იცვლება, ნიშნავს, რომ სათანადო დასკვნები არ გამოგვაქვს ან შეიძლება დასკვნები გამოგვაქვს, მაგრამ მიზეზის აღმოსაფხვრელად კარგად ვერ ვმოქმედებთ. ამ შედეგის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს. ჩვენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და სასწავლო გეგმა გვაქვს. თავი დავანებოთ იმას, კარგია თუ ცუდი, შესაცვლელია თუ დასაკორექტირებელი. მთავარია, რომ სახელმწიფო მისი დანერგვისა და რეალიზების ხარისხს ვერ აკონტროლებს. მე და თქვენ შეიძლება კარგი გადაწყვეტილება მივიღოთ, მაგრამ, თუ ამ გადაწყვეტილების დანერგვას კარგად არ ვმართავთ, შეიძლება ეს გადაწყვეტილება ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდეს.
– რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით დაინერგოს და ეფექტურად განხორციელდეს?
– მართებული გადაწყვეტილებების მიღება ცოტა და არასაკმარისია. როცა მე ვარ სკოლის დირექტორი, ვჯდები კოლეგებთან ერთად და ვიწყებ გაანალიზებას, როგორ შევასრულოთ ის, რაც ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში წერია. მთავარი სამუშაო აქედან იწყება. დანერგვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მე და თქვენ ერთად ბევრ კარგ აზრს მოვიფიქრებთ, მაგრამ, თუ არ განხორციელდა, რა აზრი აქვს? ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ უნდა მოხდეს მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზება.
მეორე მიზეზი მოსწავლეთა მოტივაციაა, რომელიც მაღალი არ არის. ჩვენი ახალგაზრდა თაობა, განათლებასა და კეთილდღეობას შორის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს. მე ბევრი უნდა ვიმუშაო და ვიკითხო, ეს რთული პროცესია და თუ მე ჩემი ძალისხმევის შედეგებს ჩემსავე კეთილდღეობაში ვერ ვხედავ, ვზარმაცდები. მოსწავლეთა მოტივაცია გაცილებით მაღალი უნდა იყოს, რათა მათ შეძლონ და განათლების საჭირო დონეს მიაღწიონ.
– მანამ სანამ სხვა მიზეზებზე გადახვალთ, გკითხავთ, როგორ უნდა გავზარდოთ მოსწავლეების მოტივაცია?
– სახელმწიფო მუდმივად უნდა აპელირებდეს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პრიორიტეტული განათლებული ადამიანის ცხოვრების წესია. რამდენიმე წლის წინათ ერთ-ერთ ტოქშოუში ვმონაწილეობდი და წამყვანს ვკითხე: „თქვენ შეგიძლიათ, ჩამოთვალოთ მესამეხარისხოვანი პოლიტიკოსი რამდენიც გაგიხარდებათ, იმდენი, მაგრამ შეგიძლიათ თუ არა ერთი კარგი მასწავლებელი მაინც დამისახელოთ, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს?“ ამ საქმის პოპულარიზება არ ხდება. დეკლარირებულია, რომ ჩვენს ქვეყანაში პედაგოგიკა პრიორიტეტულია, მაგრამ ეს რეალური პრიორიტეტი უნდა იყოს და არა სიტყვიერი.
– ანუ, გარდა მოსწავლეებისა, მასწავლებლების მოტივაციის პრობლემაც იკვეთება…
– ბუნებრივია. მასწავლებლების მოტივაცია საკმაოდ დაბალია. მასწავლებელი ჩვენთან უზრუნველყოფილად და კარგად ვერ ცხოვრობს. მასწავლებლობა ისეთი პროცესი არ არის, რომელსაც ადამიანისთვის სათანადო და ღირსეული შემოსავალი მოაქვს. ეს ცნობილია, ახალს არაფერს ვამბობ. მარტო ფულზეც არ არის საქმე. მასწავლებლის სოციალური სტატუსი უფრო მაღალი უნდა იყოს. ვინ აამაღლებს ამას? – უპირველესად, თავად მასწავლებელი, რადგან ვინც კარგად ასწავლის, ის პოპულარულია. მაგრამ სახელმწიფო უნდა ირჯებოდეს, რომ ასეთი ადამიანები წინა პლანზე წამოსწიონ და საზოგადოებისთვის ცნობილი გახადონ. მასწავლებელი არ ჩანს, თითქოს ამ ქვეყნისთვის სულ ერთი იყოს, ვინ როგორ რას და რატომ ასწავლის. შემდეგი მიზეზი გაცდენებს უკავშირდება. სწავლების დასკვნით საფეხურზე გაკვეთილების გაცდენათა რაოდენობა ძალიან დიდია და სახელმწიფო ამ პრობლემას უყრუებს. გამოდის რაიმე ბრძანება, სადაც წერია, რომ ეს „არ“-ები უნდა ეპატიოთ, ჩამოეჭრათ. დღეს მოთხოვნა არ არის და ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვახსენოთ მასწავლებელთა კომპეტენციაც. მასწავლებელსა და მოსწავლეს ძალიან მაღალ მიზნებს ვუსახავთ. ჩვენი სტანდარტები ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად მაღალია მთელ მსოფლიოში, მაგრამ ამას რომ შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებლები, შესაბამისი პროგრამები და სახელმძღვანელოები სჭირდება, ყურადღების მიღმა გვრჩება. მასწავლებელთა დაბალი კომპეტენცია ერთი უსერიოზულესი მიზეზია იმ შედეგის, რაც ჩვენ გვაქვს. ამას უნდა დაემატოს მშობელთა დაბალი ჩართულობა. მშობელი სკოლას რომ არ უდგას გვერდით, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ხანდახან თავის შვილსაც არ უდგას გვერდით. ასეთი ფიქრი მძლავრობს, რომ ჩემი შვილი სკოლაში მივიყვანე და მთელი პასუხისმგებლობა მასწავლებლებზეა. თავისი შვილის მოტივაციის გასაზრდელად თვითონ არაფერს აკეთებს.
– თქვენ იმ საკითხებზე ისაუბრეთ, რაც საატესტატო გამოცდებში ჩაჭრის მიზეზებს ხსნის. მათ შორის არის მასწავლებლების კვალიფიკაციის არქონა და მოტივაციის ნაკლებობა. სწორედ ამიტომ საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის ბავშვები რეპეტიტორებს აკითხავენ, რადგან მშობლებიც და ბავშვებიც ფიქრობენ, რომ მასწავლებლები სათანადო ცოდნას ვერ იძლევიან და მაღალი ქულის მისაღებად რეპეტიტორთან სიარულია საჭირო. ზოგი ვერ ახერხებს, გადაუხადოს რეპეტიტორებს და, ასე ვთქვათ, იჩაგრება. თქვენ ემხრობით თუ არა რეპეტიტორების ინსტიტუტს და რა უნდა გაკეთდეს, რომ მოსწავლეები თანაბარ პირობებში იყვნენ გამოცდების ჩაბარებისას?
– რეპეტიტორების ინსტიტუტი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. ამ ინსტიტუციის მოწინააღმდეგე არ ვარ. ყველას აქვს უფლება, თუ თავისი შვილისთვის ან საკუთარი თავისთვის მასწავლებელი დაიქირაოს. რეპეტიტორების ასეთი ძალუმი მომრავლება, სასკოლო სისტემის ნაკლოვანებებთანაა დაკავშირებული. ამას, რასაკვირველია, სათანადო შეფასება სჭირდება. თუ სკოლის ადმინისტრაცია მოახერხებს და საკუთარ სკოლაში მიიყვანს ადამიანებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად მოტივირებულები და კომპეტენტურები იქნებიან, იმ მოთხოვნებს, რასაც სახელმწიფო დღეს CAT-ის გამოცდაზე აყენებს, ნებისმიერი მოსწავლე უნდა გაუმკლავდეს. 11 000 ჩაჭრილი ბავშვი პირდაპირი მიმანიშნებელია, რომ სკოლაში რაღაც არ და ვერ ხერხდება.
– ზოგადად, საატესტატო გამოცდებზე, კერძო სკოლის ბავშვები უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე საჯარო სკოლის ბავშვები, რით განსხვავდება კერძო სკოლა საჯაროსგან, რას აძლევს ის ბავშვებს ისეთ, რასაც საჯარო სკოლა ვერ უზრუნველყოფს?
– მე საჯარო სკოლის დირექტორიც ვიყავი და ახლა კერძო სკოლის დირექტორი ვარ. პირველი და არსებითი განსხვავებაა ის, რომ საჯარო სკოლაში კადრების შერჩევის ისეთი თავისუფლება არ მქონდა, როგორც კერძო სკოლაში მაქვს. აქ შემიძლია მივიღო ისეთი ადამიანი, რომლის კომპეტენციასაც საკმარისად მივიჩნევ და მაქვს საშუალება, ანაზღაურების თვალსაზრისით მოტივაციაც გავაჩინო. საჯარო სკოლები ამას მოკლებულია. მეორე განსხვავება არის ის, რომ საჯარო სკოლაში ერთ კლასში ბევრი ბავშვი ზის. კერძო სკოლაში კი კლასში, მაქსიმუმ, 15 მოსწავლეა. ეს თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მუშაობის განვითარებას გვაძლევს.
– სახელმძღვანელოები რა როლს თამაშობს? კერძო სკოლას ხშირად თავისი სახელმძღვანელოები აქვს, რამდენად დგას საჯარო სკოლებში წიგნების პრობლემა?
– სახელმძღვანელოების პრობლემა თვალშისაცემია. ადამიანი კარგად სწავლობს იმას, რასაც თავად აკეთებს. ცოდნის თეორიული გადაცემა პრაქტიკულ სწავლებასთან შედარებით მოიკოჭლებს. ჩვენი სახელმძღვანელოები ნაკლებად არის ორიენტირებული იმაზე, რომ თეორიული ცოდნა მოსწავლეებს პრაქტიკულ გამოცდილებად გადაუქციოს. ეს ერთ-ერთი სერიოზული ნაკლია. კონკურსები ცხადდება, მაგრამ საქართველოს არ აქვს იმდენი რესურსი, რომ 4-5 პარალელური სახელმძღვანელო არსებობდეს. სახელმძღვანელოს დაწერა საკმაოდ რთულია. ავტორმა ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის უნდა ჰქონდეს საგნის კომპეტენცია. ბავშვთა ასაკობრივი ფსიქოლოგიის მოთხოვნები, ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ყველა მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს. ეს კომპლექსურად რთული ამოცანაა.
– მინდა გადავიდე საერთაშორისო კვლევაზე (PISA), რომელზეც რამდენიმე კვირაა საუბარი არ ცხრება. ეს კვლევა 15 წლის მოზარდებს შორის ჩატარდა და საკმაოდ შემაშფოთებელი შედეგები გვაქვს, მათ შორის ყველაზე საგანგაშო იყო 70 ქვეყნიდან 62-ე ადგილი წაკითხულის გააზრებაში. რისი თქმის საფუძველს გაძლევთ ამ კვლევის შედეგები?
– ეს კვლევა აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ზოგადი განათლება სათანადოდ კარგად ორგანიზებული არ გვაქვს. ეს კვლევა, ზოგადად, აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ზოგადი განათლება კონცეპტუალურად არ გვაქვს გააზრებული. ეს იმას აჩვენებს, რომ ჩვენ წინარე შედეგებს უპასუხისმგებლოდ ვეკიდებით. ეს შედეგი პირველად არ დადებულა. ასეთი შედეგი გვქონდა 5 წლის წინათ და უფრო ადრეც. ძალიან მიკვირს, რომ საუბრები წყდება ხოლმე. პრობლემას დაახლოებით სამი დღე შევიცხადებთ და სწრაფად გვავიწყდება. ახლაც, კვლევის შედეგები გამოცხადდა და ყველა დაფაცურდა. გარანტიას გაძლევთ, რომ ორი კვირის შემდეგ ეს კვლევა არავის ემახსოვრება და 5 წლის შემდეგ, როცა ახალი კვლევის შედეგები დაიდება ისევ ყველა აყვირდება. ამას სერიოზული საზოგადოებრივი მონიტორინგი სჭირდება. მშობელი მთავარი დამკვეთია და საერთოდ არ აინტერესებს, თავისი შვილი რა შედეგებამდე მიდის. ესეც არანორმალური მოვლენაა. მშობლის ჩართულობის თვალსაზრისით ბევრი პრობლემები გვაქვს. ამას კონფერენციების მიძღვნა, რეკომენდაციების დადება, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება სჭირდება. ეროვნული სასწავლო გეგმა მივიღეთ, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიც მივიღეთ, საერთაშორისო კვლევების შედეგებიც გვაქვს და რას ვაკეთებთ, რის კორექციას ვფიქრობთ, რათა ჩვენს დასახულ მიზნებს მივაღწიოთ? – ამაზე არავინ ლაპარაკობს, ამიტომ არ გამიკვირდება, თუ 5 წლის შემდეგაც იგივე შედეგი გვექნება.
– ყოველთვის ასე იყო – იცვლებოდა მინისტრი ან ხელისუფლება და იცვლებოდა განათლების სისტემის ხედვა, რეფორმები და ამ ცვლილებებს ყოველთვის მოსწავლეები ეწირებოდნენ, ხომ არ ფიქრობთ, რომ დღეს ზოგადი განათლების დაბალი დონე და ჩაჭრილების დიდი რიცხვი განათლების სისტემის არამდგრადობამ და არაგანგრძობითობამაც გამოიწვია?
– განათლების სისტემის რეფორმის პროცესი მემკვიდრეობითი უნდა იყოს. შეუძლებელია, დროის მცირე მონაკვეთში მასშტაბური სარეფორმო ნაბიჯების გადადგმა მოახერხო. ამ მემკვიდრეობითობის უზრუნველმყოფი პარლამენტი უნდა იყოს. განათლების სახელმწიფო პოლიტიკა პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს. განათლების სამინისტრო მთავრობის ინსტრუმენტია, რომელმაც ეს უნდა განახორციელოს. პარლამენტი, რაც დამოუკიდებლები ვართ, ხშირად პასიურობდა და სახელმწიფო მიზნების თეორიულ საფუძვლებს თავად განათლების სამინისტრო წერდა და ახორციელებდა.
– განათლების სამინისტრო ახორციელებს კონკრეტულ რეფორმებს მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოტივაციის გაზრდის მიზნით და სხვა მიმართულებებითაც. როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის, რაში შეიტანდით შენიშვნას და რა უნდა გაკეთდეს, შედგები რომ ვნახოთ?
– რეკომენდაციების მიცემა მარტივი საქმეა, მაგრამ კარგად მესმის, რომ გადაწყვეტილების მიღებას აწონ-დაწონა სჭირდება. ადვილი არ არის. განათლების რეფორმის განხორციელება აქილევსის ქუსლია არა მარტო ჩვენნაირი ღარიბი, არამედ ძალიან მდიდარი ქვეყნებისთვისაც. მაგალითად, ამერიკელები განათლების რეფორმას 10 წელი ახორციელებდნენ. 70-იან წლებში დაასრულეს რეფორმა, რომელიც მილიარდობით დოლარი დაჯდა და შემდეგ დაასკვნეს, რომ იმას, რაც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული, სკოლების მხოლოდ 2-3%-მა მიაღწია. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ესპანეთის მაგალითზეც. სამინისტრომ სწორი მიმართულებით გადადგა ნაბიჯი, როცა მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მის კომპეტენციას დაუკავშირა. ჩემი აზრით, პროფესიული განვითარების სქემა ცოტა უფრო მარტივიც შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ მანამ, სანამ მასწავლებლის საშუალო ხელფასი ჩვენი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს არ გაუთანაბრდება, დამატებით მოტივაციაზე ლაპარაკი ძნელია. მარტო განათლების სამინისტრო ამას ვერ უშველის, რათა განათლების დაფინანსება დრამატულად გაზარდოს. თუმცა მარტო ფულში არ არის საქმე. ერთმანეთს ჭკუა და ფული უნდა შეხვდეს. ჩვენ საკმაოდ ლოგიკურ დასკვნებს ვდებთ, შემდეგ არც არაგონივრული გადაწყვეტილებები მიიღება, მაგრამ დანერგვა როგორ ხდება და რა შესაძლებლობები გვაქვს, რომ ეს განვახორციელოთ, რა სახის მონიტორინგი უნდა გახორციელდეს, რომ ცვლილებების მაჯაზე ხელი გვედოს? – აი, აქ პრობლემა გვაქვს.
– ანუ მონიტორინგის სისტემა თუ არ დავხვეწეთ, წლების შემდეგაც არ გვექნება ის შედეგი განათლების რეფორმაში, რაც გვინდა და წლების შემდეგაც იგივე პრობლემებზე ვიმსჯელებთ?
– დიახ, ზუსტად ასე ვფიქრობ. თუ მთელ ენერგიას კარგი გადაწყვეტილებების მიღებაში დავხარჯავთ და მერე აღარ მოვიკითხავთ, ეს გადაწყვეტილებები როგორ ხორციელდება, მაშინ, ბუნებრივია, უკეთეს შედეგებს არ უნდა ველოდოთ და ბოლოს გეტყვით, რა ფულსაც განათლებაზე ვხარჯავთ, ზუსტად ისეთი შედეგი გვაქვს.
მასალის სისწორეზე ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას www.Hedu.Ge
წყარო: primetime.ge
მეცნიერების კვდომის პირობებში განათლების რეფორმა "წყლის ნაყვის" ტოლფასია. ერთ-ერთ ინტერვიუში ამხ. ჯეჯელავამ განაცხადა: "მეცნიერება-ც(!) ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ(!) ჩვენ გვჭირდება ახლებურად მოაზროვნე ახალგაზრდა მოქალაქეები, რომლებიც შეძლებენ ახალ რეალობაში გახდნენ წამყვანი ძალა”. მეცნიერება განა "ც"-უაა დღეს 21-ე საუკუნეში ანუ მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების ზეობის პირბებეში?! დღეს 21-ე საუკუნეში ყველაზე წარმატებულია ის სახელმწიფო, რომელიც მეცნიერებასა და ახალი ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული. სწორედ ეს არის "ახალი რეალობა"!!! და სწორედ ამ რეალობაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული მოაზროვნე ახალგაზრდა მოქალაქეები. საწინააღმეგო შემთხვევაში მოაზროვნე ახალგაზრდა მოქალაქეები ქვეყანაში შემცირდებიან, დაკნინდებიან და დევნილნი გახდებიან. ამხ. ჯეჯელავა, თქვენ მეცნიერებას დაუპირისპირეთ რა ახლებურად მოაზროვნე ახალგაზრდა მოქალაქეები, ამით მეცნიერება დააკნინეთ. და ეს პროცესი თქვენს ხელში უკვე დაიწყო. 2013 წელს თსუ-ს რექტორის აკადემიკოს ლადო პაპავას მიერ აღდგენილი მკვლევარები, 2016 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ისევ დაითხოვეს და კვლავ პენსიის ამარად დატოვეს. ამ დროს, თსუ-ს ახალმა რექტორმა განაცხადა: „ჩემი ამბიციაა თსუ - კვლევით უნივერსიტეტად ვაქციო“, და ეს მაშინ, როდესაც თსუ-ს აკადემიური საბჭოს ინიციატივით სენატმა 2017 წლის დასაწყისში უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევების წარმოება 2021 წლამდე გადაავადა; ანუ, უნივერსიტეტს სამეცნიერო სტანდარტი 2021 წლამდე არ ექნება. ბუმბერაზი მკვლევარის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი - მკვლევართა გარეშე?!
ReplyDeleteმეცნიერების კვდომის პირობებში განათლების რეფორმა "წყლის ნაყვის" ტოლფასია. ერთ-ერთ ინტერვიუში ამხ. ჯეჯელავამ განაცხადა: "მეცნიერება-ც(!) ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ(!) ჩვენ გვჭირდება ახლებურად მოაზროვნე ახალგაზრდა მოქალაქეები, რომლებიც შეძლებენ ახალ რეალობაში გახდნენ წამყვანი ძალა”. მეცნიერება განა "ც"-უაა დღეს 21-ე საუკუნეში ანუ მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების ზეობის პირბებეში?! დღეს 21-ე საუკუნეში ყველაზე წარმატებულია ის სახელმწიფო, რომელიც მეცნიერებასა და ახალი ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული. სწორედ ეს არის "ახალი რეალობა"!!! და სწორედ ამ რეალობაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული მოაზროვნე ახალგაზრდა მოქალაქეები. საწინააღმეგო შემთხვევაში მოაზროვნე ახალგაზრდა მოქალაქეები ქვეყანაში შემცირდებიან, დაკნინდებიან და დევნილნი გახდებიან. ამხ. ჯეჯელავა, თქვენ მეცნიერებას დაუპირისპირეთ რა ახლებურად მოაზროვნე ახალგაზრდა მოქალაქეები, ამით მეცნიერება დააკნინეთ. და ეს პროცესი თქვენს ხელში უკვე დაიწყო. 2013 წელს თსუ-ს რექტორის აკადემიკოს ლადო პაპავას მიერ აღდგენილი მკვლევარები, 2016 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ისევ დაითხოვეს და კვლავ პენსიის ამარად დატოვეს. ამ დროს, თსუ-ს ახალმა რექტორმა განაცხადა: „ჩემი ამბიციაა თსუ - კვლევით უნივერსიტეტად ვაქციო“, და ეს მაშინ, როდესაც თსუ-ს აკადემიური საბჭოს ინიციატივით სენატმა 2017 წლის დასაწყისში უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევების წარმოება 2021 წლამდე გადაავადა; ანუ, უნივერსიტეტს სამეცნიერო სტანდარტი 2021 წლამდე არ ექნება. ბუმბერაზი მკვლევარის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი - მკვლევართა გარეშე?!
ReplyDelete