Monday, December 17, 2018

თბილისში „ელჩების კონფერენცია 2018“ გაიმართება

თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2018“ 18-21 დეკემბერს გაიმართება.
კონფერენციას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გახსნის. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე.
კონფერენციაზე შეაფასებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს განვლილი წლის საქმიანობას, წარმოადგენენ ახალ ინიციატივებს და განიხილავენ 2019-22 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პროექტს.
კონფერენციაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ მოლდოვის ვიცეპრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში კრისტინა ლესნიკი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი ვადიმ ჩერნიში.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სამუშაო სესიები მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით. კონფერენციაზე განიხილავენ საერთაშორისო პოლიტიკის გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თავდაცვას და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ განვითარებას, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას, დიასპორასთან ურთიერთობას, სტრატეგიულ კომუნიკაციებს და სხვა.
ასევე იმსჯელებენ ადამიანური რესურსების მართვის, პროფესიული განვითარების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კრიზისული სიტუაციების მართვისა და სხვა მიმართულებებით.
„ელჩების კონფერენციის“ მონაწილეები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებენ მრგვალ მაგიდაში ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.
„ელჩების კონფერენცია 2018“ 21 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის შემაჯამებელი პრესკონფერენციით დასრულდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment