Monday, December 17, 2018

ირანის ელჩმა საქართველოში რამდენიმე ირანელის არშეშვებაზე კომენტარი გააკეთა

საქართველოში ირანის ელჩი სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდის თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ საქართველოში დარჩენა ბევრმა ირანელმა გადაწყვიტოს. ელჩის განცხადებით, ირანის მოქალაქეები საქართველოში ძირითადად ტურისტული მიზნით ჩამოდიან. მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.
ელჩს იმედი აქვს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ირანის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთაზე უარის თქმის შემთხვევები, საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობებს არ გააფუჭებს.
"როდესაც საუბარია ბინადრობის ნებართვის მიღებაზე, ეს არის შრომის ან სწავლის მიზნით აღებული ნებართვები. ეჭვი მეპარება, რომ ბევრმა ირანელმა გადაწყვიტოს საქართველოში სამუდამოდ ცხოვრება“, – განაცხადა ელჩმა. 
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. პრესსპიკერის განცხადებით, ირანის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საქართველოში ზოგიერთი ირანელის მიმართ გამოხატული უპატივცემულო დამოკიდებულების გამო მიიღო. 
დეკემბრის დასაწყისში ირანულმა მედიამ დაწერა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრიდან ირანის 200-მდე მოქალაქეა დეპორტირებული. მათ შორის ისეთი პირებიც, რომლებსაც საბუთები წესრიგში ჰქონდათ.
ამ საკითხზე მალევე კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა. მინისტრის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ირანის 200 მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment