Friday, December 21, 2018

ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილს პროკურატურაში გამოკითხავენ

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის პერსონალზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებაზე ბაჩანა შენგელია სამშაბათს გამოიკითხება. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შენგელიას, პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე გენერალური პროკურატურიდან დღეს დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ ზუგდიდიდან თბილისში ჩამოსვლას და პროკურატურაში გამოცხადებას სამშაბათამდე ვერ შეძლებს. 
ბაჩანა შენგელიამ საქართველოს პროკურატურას 19 დეკემბერს მიმართა და მის განცხადებაში დასახელებული გარემოებების და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.
ოჯახის მტკიცებით, სკოლის დირექტორის, ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მანამდე კი, მათივე მტკიცებით, ქალმა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის აქტივისტობაზე უარი თქვა.
პედაგოგის შვილი, ბაჩანა შენგელია ღიად აცხადებდა, რომ ია კერზაია რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. მისი თქმით, ზეწოლა განათლების მინისტრისგან მოდიოდა და მიზანი დაშინება იყო.
განათლების სამინისტრო განმარტავდა, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე 9-დან 15 ნოემბრის ჩათვლით შემოწმდა. გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარიულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის სკოლის სამეურვეო საბჭოს გაეგზავნა.
ამავე ცნობით, სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის სკოლის მოქმედი დირექტორი იყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment