Tuesday, December 25, 2018

ტაქსით მომსახურებაზე მერიამ უკვე 23 ათასამდე ნებართვა გასცა

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ტაქსების რეფორმის მიზანი ტაქსის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებაა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა, ამ რეფორმის პარალელურად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების კუთხით, რათა მოქალაქეებისთვის მეტროთი და ავტობუსით გადაადგილება ბევრად კომფორტული იყოს.
„ის ნაბიჯები, რომელიც პირველ ეტაპზე გადაიდგა, სწორედ იმის საწინდარია, რომ ამ სერვისით მომსახურება საუკეთესო იყოს. იყო მცდელობა, რომ ჩემი განცხადების უტრირება მოეხდინათ“, - განაცხადა კალაძემ. 
ვიცემერ ირაკლი ხმალაძის განმარტებით კი, ტაქსის სერვისის ხარისხის გაუმჯობესება როგორც ტაქსის მფლობელების, ისე მომხმარებლების ინტერესში შედის.
„ჩვენ ტაქსისტებს ხელს კი არ ვუყოფთ ჯიბეში, არამედ ტაქსის ბაზარს, ტაქსის ინდუსტრიას ვქმნით, რაც კარგია როგორც ტაქსისტისთვის, ასევე, მომხმარებლისთვის. თუ არავის გსმენიათ მოქალაქეების წუხილი იმასთან დაკავშირებით, რა დაბალ დონეზეა დღეს ტაქსის მომსახურება, მე შემიძლია ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ. უნდა გაიზარდოს მომსახურების ხარისხი, ეს კარგი იქნება როგორც მომხმარებლისთვის, ასევე თავად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტაქსით მომსახურებას სწევენ. ჩვენ ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც აქამდე ვერავინ მოახერხა. ჩვენ ეს საქმიანობა ნებართვას დავუქვემდებარეთ. დღეისთვის უკვე ტაქსით მომსახურების 23 ათასამდე ნებართვა გვაქვს გაცემული და ეს ადამიანები რეფორმის, განვითარების გზაზე დგანან, რომელიც წლიდან წლამდე განხორციელდება. რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში შედეგი ვერ დაიდებოდა, რადგან ეს არის გრძელვადიანი რეფორმაა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ტაქსების მომსახურება აიკრძალება. 7 დეკემბერს თბილისის საკრებულოს სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები დაამტკიცეს
imedinews.ge

No comments:

Post a Comment