Wednesday, December 19, 2018

შსს: არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პასუხისგებაში სულ 26 პირი მისცეს

არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია სულ 26 პირი, რომელთა შორის არიან როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 28 ნოემბერს (არჩევნების მეორე ტურის დღე) და შემდგომ პერიოდში პოლიციამ გამოძიება სავარაუდო დანაშაულის 25 ფაქტზე დაიწყო.
„სისხლის სამართლის 2 საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის:
ქუთაისის აეროპორტში, თამარ ჩარკვიანის მეუღლის - ჯონდო გიგანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში;
თბილისში, გლდანის რაიონში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.
სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ვინაიდან არ დადასტურდა დანაშაულის არსებობა, სისხლის სამართლის 13 საქმეზე შეწყდა გამოძიება, მათ შორის:
მცხეთაში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობის ფაქტზე;
ადიგენში ოპოზიციის წარმომადგენლების ავტომანქანების საბურავების დაზიანების ორ ფაქტზე;
ბათუმში საარჩევნო უბნების მიმდებარედ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ორ ფაქტზე;
აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე მმართველი პარტიიდან საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე;
გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან გასროლის ფაქტზე;
ბათუმში საარჩევნო უბანთან მმართველი პარტიის კოორდინატორის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე;
ბოლნისში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის მხარდამჭერის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე;
რუსთავში საარჩევნო უბანზე ოპოზიციის წარმომადგენლების უკანონოდ შეჭრის და კომისიის მუშაობისთვის ხელშეშლის ფაქტზე;
ლაგოდეხში ოპოზიციის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სასიგნალო იარაღიდან გასროლის ფაქტზე;
თბილისში, დიდუბის რაიონში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „www.on.ge”-ის ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე;
თბილისში, გლდანის რაიონში საარჩევნო უბანზე ფანჯრის მიზნის დაზიანების ფაქტზე.
სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ დაწყებულია ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერებზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე (პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი, რომელთა შორის არიან მმართველი პარტიიდან დეპუტატის ოჯახის წევრები) და ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენელზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე“- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment