Thursday, December 27, 2018

უნივერსიტეტები დაფინანსების საბაზისო მოდელზე გადავლენ – განათლების მინისტრი

უნივერსიტეტები დაფინანსების საბაზისო მოდელზე გადავლენ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მინისტრმა თქვა, კონკრეტულად როგორ მოხდება უნივერსიტეტებისთვის საბაზისო ფინანსების განსაზღვრა, მომავალი წლის იანვარში გახდება ცნობილი.
„ამის შემუშავებაში ჩართული იყვნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები. მოდელზე მუშაობა დასრულებულია და ის 2020 წლიდან დაიწყებს მუშაობას. ამისთვის ჩვენ გვჭირდება უნივერსიტეტებთან მუშაობა, რადგან ასე ხელაღებით ცვლილების შემოღება, რომელმაც გარკვეული ძვრები შეიძლება გამოიწვიოს, არ შეიძლება.შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსება გულისხმობს მეცნიერების განვითარებას, მეტი პროგრამების ინტერნაციონალიზაციას, ანუ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში ჩართულობას“, –  განაცხადა განათლების მინისტრმა.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება, უნივერსიტეტების სარეიტინგო სიის შედგენა და ამის მიხედვით სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების ოდენობის განსაზღვრა, მინისტრმა უპასუხა, რომ თვითონ სამინისტრო ასეთ სიას არ შექმნის, თუმცა მსგავს რეიტინგებს აქვეყნებენ სხვადასხვა ორგანიზაციები და ეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც მიღებულია.
„დღეს საქართველოში უნივერსიტეტების რეიტინგი არ არსებობს, ამიტომ რთულია ამაზე საუბარი. თუმცა რაღაც წილად ის კომპონენტები, რასაც ჩვენ განვსაზღვრავთ, როგორი ფინანსური წყაროები მივცეთ უნივერსიტეტებს, ნაწილობრივ ამ როლს შეასრულებს, მაგრამ ამას ვერ დავარქმევთ სარეიტინგო სიას. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფო იყოს არა მხოლოდ ფინანსური წყაროს მიმწოდებელი უნივერსიტეტისთვის, არამედ იყოს იმ პოლიტიკის განმსაზღვრელი, რომელიც გრძელვადიანად შედეგზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა.
reginfo.ge

No comments:

Post a Comment