Saturday, December 22, 2018

ხორავას ქუჩის საქმეზე შსს-ში არასრულწლოვნებს კითხავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არასრულწლოვანთა გამოკითხვა მიმდინარეობს. არასრულწლოვნები უწყებაში დილიდან შედიან. ზუსტად რამდენი ბავშვია დაბარებული, უცნობია. უწყებას ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
არასრულწლოვნების ნაწილი მშობლებთან ერთად, ნაწილი კი უფლებადამცველების თანხლებით მოვიდა სამინისტროში. ისინი არიან შემთხვევის უშუალო შემსწრეები და ის მოსწავლეები, ვინც მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა. ისინი აქამდეც არაერთხელ გამოიკითხნენ.
არასრულწლოვანთა ოჯახის წევრები დღეს თავს იკავებენ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისგან, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ შსს-დან გუშინ დაუკავშირდნენ და მისვლა სთხოვეს. კონკრეტულად რა კითხვები ექნებათ სამათალდამცველებს, მათთვის უცნობია.
ამ ეტაპზე ორმა არასრულწლოვანმა უკვე დატოვა უწყება. მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს.
შსს გამოკითხვების შესახებ ინფორმაციას, სავარაუდოდ, მოგვიანებით გაავრცელებს.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
მოგვიანებით პროკურატურამ სასამართლოს ორი ბრალდებული წარუდგინა, რომელთაგან ორივე გამართლდა დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. ამან დიდი საპროტესტო ტალღა და გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა გამოიწვია. ამას გარდა საქმის ხელახალი გამოძიება შსს-ს დაევალა, პარლამენტში კი უმცირესობის უმრავლესობით და თავმჯდომარეობით საპარლამენტო კომისია შეიქმნა.
ამჟამად ორი ბრალდებულის მიმართ საქმე სააპელაციო ინსტანციაზე განიხილება, პარალელურად კი გამოძიებას აგრძელებს შსს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment