Sunday, February 3, 2019

სექსუალური შევიწროება შესაძლოა დასჯადი გახდეს

სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება. ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მზადაა, რომლის მიხედვით, სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გარდა ამისა, სექსუალური შევიწროების დეფინიცია ყალიბდება “შრომის კოდექსით“, რომლის თანახმადაც, სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს და იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
ასევე სექსუალური შევიწროება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების ერთი წლის განმავლობაში ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით. 
ამასთან, სექსუალური შევიწროება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. ამ ქმედების ერთი წლის განმავლობაში გამეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.
ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება დარეგულირდება შრომით ურთიერთობებში.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადდა და მისი ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment