Friday, February 8, 2019

სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

სოციალური მუშაკები დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დღეს შეიტანენ წერილს, რომელშიც მათი სამუშაო პირობების შესახებ მოთხოვნებია გაწერილი. რაც შეეხება მოთხოვნებს, ის ადამიანური რესურსების დამატებას, სახელფასო ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"წერილს ხელს აწერს მთელი საქართველოს მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი და იურისტი. წერილის შინაარსი შეგვიძლია, ორ ნაწილად გავყოთ: პირველი მოთხოვნა არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროში დაუყოვნებლივ შეიქმნას კრიზისული სიტუაციების მართვის ჯგუფი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები და პრაქტიკოსი სოცმუშაკები იქნებიან ჩართულები. წერილში ეს არასამთავრობო ორგანიზაციები დაკონკრეტებული გვაქვს, ისინი არიან EMC, PHR და „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ ჯგუფმა იმუშაოს სისტემური ცვლილებების დასაგეგმად და მყისიერი სისტემური რეაგირების გეგმა შეიმუშაოს“, - აღნიშნა სოციალურ მუშაკთა და იურისტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ქეთი ხუციშვილმა.
მისივე თქმით, თითოეულ სოციალურ მუშაკს ყოველდღიურად იმდენად ბევრი დავალება აქვს შესასრულებელი, რომ ამას ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის, მდგომარეობა კი 11 წლის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა. ამის გათვალისწინებით, საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, ჯანდაცვის სამინისტრომ მოთხოვნის წერილზე დროული რეაგირება მოახდინოს.
წერილის შეტანის შემდეგ, უწყებას მიეცემა 21 დღის ვადა, რათა საინიციატივო ჯგუფთან მოლაპარაკებები დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გაფიცვას გეგმავენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment