Saturday, July 20, 2019

ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს დღეს შეხვდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს შეხვდება. 
ოქრუაშვილის თქმით, სად ჩატარდება შეხვედრა, ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ შეკრება ტელეკომპანიის შენობაში არ გაიმართება. ირაკლი ოქრუაშვილმა ამ ეტაპზე არც ის იცის, რომელი ჟურნალისტები არიან თანახმა მასთან შეხვედრაზე.
ოქრუაშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრას მის მიერ დაგეგმილი სასამართლო დავის თაობაზე აპირებს. ის ამბობს, რომ დავის მოგების შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის 10 ჟურნალისტს ტელეკომპანიის წილს დაუთმობს.
ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მისმა უფლებადამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.
ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, თუმცა კომპანიის დღევანდელი მფლობელი ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა საქართველოს პროკურატურას მიმართა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა მოითხოვა.
„საქართველოს პროკურატურა ეს ოქრო კაცი თავისი პირით იძახის - მეო, სახელმწიფო მოხელემო, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა დავითრიე ტელევიზიაო და მეტი რა ჯანდაბა მტკიცებულება გინდათ, რომ სახელმწიფომ წაგვართვა რუსთავი 2. დაკითხავთ? არა ხო?"- წერს დვალი Facebook-ზე.
თავად ოქრუაშვილს ბოლო ბრალდებებზე ჯერ არ უპასუხია.
სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.
18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment