Saturday, May 6, 2017

პატრიარქი - წმინდა გიორგი გაჭირვებული ხალხის განსაკუთრებული შემწე და მფარველია

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა. კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. 
ქადაგებაში ილია მეორემ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წმინდა გიორგი საქართველოსთვის განსაკუთრებული წმინდანია.
მან თავის ბავშვობაც გაიხსენა და ისაუბრა, როგორ აღნიშნავდნენ ოჯახში დღესასწაულს.
„წმინდა გიორგი განსაკუთრებით ახლობელია ჩვენთვის, ყველა ოჯახისთვის. თითქმის, არ არსებობს საქართველოში ისეთი ოჯახი, სადაც ერთ ვიღაცას წმინდა გიორგის სახელი არ ერქვას.
მე მახსენდება ჩემი ბავშვობა, ჩემი მამა იყო გიორგი და გიორგობა რომ მოდიოდა, განსაკუთრებული ზეიმი იყო ჩვენ სახლში და პირველი სტუმრები, რომელნიც მოდიოდნენ ჩვენთან იყვნენ მათხოვრები. ჯერ მათხოვრები სხდებოდნენ სუფრასთან და მერე პატივცემული ხალხი. და ეს იყო ზეიმი მთელი ოჯახისა.
საქართველოში 12 მეფე იყო გიორგის სახელით და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა გიორგი განსაკუთრებული შემწე და მფარველია გაჭირვებული ხალხის“, - აღნიშნა პატრიარქმა.
ილია მეორემ დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა, რომელიც ქაშუეთის ტაძარში იმყოფებოდა. 
„მოხარული ვართ, რომ წირვა-ლოცვას ესწრება მისი აღმატებულება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი. ვულოცავთ მას გიორგობას, წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი და შემწე თქვენს მძიმე მოღვაწეობაში. 
ასევე ვულოცავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ატარებს წმინდა გიორგის სახელს, ღმერთმა მშვიდობა მისცეს და მრავალჟამიერი სიცოცხლე", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. 
1tv.ge

No comments:

Post a Comment