Tuesday, November 6, 2018

აფბა მთავრობას და ეროვნულ ბანკს 5 რეკომენდაციით მიმართავს

აფბა მთავრობას და ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, რომ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად დროული ღონისძიებები გაატაროს.
ვითარების გამოსასწორებლად აფბამ 5 რეკომენდაცია შეიმუშავა, რომელიც დროულად უნდა გაატარონ შესაბამისმა ორგანოებმა.
„ფინანსთა სამინისტრომ შეწყვიტოს ხაზინაზე არსებული ნაშთების კომერციული ბანკების ანგარიშებზე განთავსება - ამ გზით კომერციული ბანკების ანგარიშზე ბოლო ორ თვეში ფინანსთა სამინისტრომ ჯამში 1,3 მილიარდი ლარის დეპოზიტი განათავსა. კომერციული ბანკები თანხებს მოიზიდავენ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი კრედიტები გასცენ, რისთვისაც საკმაოდ აგრესიულ მარკეტინგსაც მიმართავენ, მაგალითად ტექსტური შეტყობინებები მოქალაქეებს ამა თუ იმ სასესხო პროდუქტის „უნიკალურ“ პირობებთან დაკავშირებით. რითაც სტიმულირებას ახდენენ მიმოქცევაში არსებული ლარის მასის ზრდაზე.
ეროვნულმა ბანკმა შეამციროს ან მინიმუმ შეაჩეროს ლარის მასის ზრდა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით - წლის დასაწყისიდან დღემდე M3 და M2 ფულადი აგრეგატი შესაბამისად 11% და 12%-ით არის გაზრდილი. მიმოქცევაში არსებული ლარის მასის ხელოვნური ზრდა იწვევს მის გაუფასურებას, შესაბამისად ეროვნულმა ბანკმა დროული ინტერვენციებით ფულის მასის კონტროლი უნდა შეძლოს იმგვარად, რომ კურსმა ნახტომისებური გაუფასურებები არ განიცადოს.
გადაიხედოს ლარის კურსის განსაზღვრის მექანიზმი - მოქმედი წესის თანახმად, ლარის კურსი ფორმირდება ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში, რომელში მონაწილეობის უფლებაც მხოლოდ კომერციულ ბანკებს და რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აქვს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რეალურად საბანკო სექტორში მხოლოდ 2 მსხვილი ბანკია, ძალიან დიდია ბაზარზე არაფორმალური გავლენის მოხდენის ალბათობა. მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდეს ლარის კურსის დადგენაში მონაწილე სუბიექტების წრე და მხოლოდ ბანკების გარდა, კურსის დადგენაში გაითვალისწინონ სხვა დაინტერესებული მსხვილი ორგანიზაციების გარიგებებიც.
სახელმწიფო აქტივების პრივატიზაცია და სხვა იმგვარი ღონისძიებების გატარებას საჭირო, რაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას შეუწყობს ხელს.
გადაიხედოს და აღმოიფხვრას ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვის მიზეზები - სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ცხრა თვის გეგმიდან 718 მილიონი ლარი აუთვისებელი დარჩა. კერძოდ, იანვარ-სექტემბერში იგეგმებოდა 8,99 მილიარდი ლარის დახარჯვა, ათვისებამ კი 8,272 მილიარდი ლარი შეადგინა. სწორედ დეფიციტის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან დახარჯული დამატებითი თანხები ზრდის მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მოცულობას რასაც უარყოფითი გავლენა აქვს ლარის კურსზე. შესაბამისად, უახლოეს მომავალი, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს.
ეს ღონისძიებების გატარება აუცილებელია იმისათვის, რომ კურსმა სტაბილურობა შეინარჩუნოს და მომავალში გამოირიცხოს მნიშვნელოვანი მერყეობები“, - წერია აფბას რეკომენდაციაში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment