Monday, December 10, 2018

აშშ-ში ჯაშუშობისთვის დაკავებული რუსი მარია ბუტინა მზად არის ბრალი აღიაროს


აშშ-ში ჯაშუშობისთვის დაკავებული რუსი მარია ბუტინა მზად არის ბრალი აღიაროს. ამის შესახებ BBC წერს
ბუტინას დაცვის მხარემ და ვაშინგტონის ფედერალურმა პროკურატურამ მოსამართლე ტანე ჩატკენს ერთობლივი შუამდგომლობა გაუგზავნა სასამართლოს რიგგარეშე სხდომის შესახებ, რომელზეც ბუტინა მზად არის დანაშაული აღიაროს. მოსმენა დღეს გაიმართება.
პროკურორების ვერსიით, 30 წლის ბუტინა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე და პოლიტიკურ ორგანიზაციებზე აგროვებდა ინფორმაციას და კავშირებს ამყარებდა ძირითადად კონსერვატორ ამერიკელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის დონალდ ტრამპთან, რაშიც მას ეხმარებოდა კონტაქტები იარაღის ლობისტ გავლენიან ჯგუფთან, იარაღის ეროვნულ ასოციაციასთან (NRA). თავად ბუტინაც იარაღის ლობისტია, მან რუსეთში დააარსა ამგვარი ლობისტური ჯგუფი, სანამ ვაშინგტონში გაემგზავრებოდა სასწავლებლად.
ბრალდების თანახმად, ვაშინგტონში ბუტინას მოქმედებებს ხელმძღვანელობდა რუსეთის ყოფილი დეპუტატი და ცენტრალური ბანკის თანამშრომელი, ალექსანდრ ტორშინი, რომელსაც მიმდინარე წელს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სავარაუდო კავშირების გამო.
4 აგვისტოს გაზეთმა The Washington Post-მა რუსეთის მოქალაქე მარია ბუტინას და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი მრჩეველის ჯეი დი გორდონის 2016 წლის მიმოწერა გამოაქვეყნა. ბუტინა გორდონთან ურთიერთობით, აშშ-ის მომავალ მომავალ პრეზიდენტთან ყველაზე დაახლოებული რუსეთის მოქალაქე გახდა. 
ბუტინამ და გორდონმა ერთმანეთი 29 სექტემბერს შვეიცარიის ელჩის რეზიდენციაში წვეულებაზე გაიცნეს. ამის შემდეგ, პოლ ერიქსონმა, რომელიც ბუტინას რესპუბლიკელებთან ურთიერთობის დამყარებაში ეხმარებოდა და ქალთან ახლო ურთიერთობაში იყო, ორივეს მისწერა. ბუტინა მან წარადგინა, როგორც "განსაკუთრებული მეგობარი", რომელიც რუსეთის ცენტრალურ ბანკში მუშაობს, ხოლო გორდონი, როგორც "ადამიანი, რომელიც ტრამპის გარდაქმნის პროცესში მთავარ როლს ასრულებს". 
მარია ბუტინა 15 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედება აშშ-ში აგენტური ქსელის შემუშავება და ისეთ ორგანიზაციებში შეღწევა, რომლებიც გავლენას ახდენენ აშშ-ის პოლიტიკაზე.
22 ივლისს სერგეი ლავროვმა მაიკ პომპეოს ბუტინას გათავისუფლება მოსთხოვა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment