Tuesday, December 11, 2018

შსს-ში იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე გამოკითხვაზე დაიბარეს

იუსტიციის სახლთან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მოწინააღმდეგეების აქცია დღეს განახლდა. როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, გუშინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს გამოკითხვაზე დაბარებულები არიან აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორი დიმიტრი ლორთქიფანიძე, კონსტანტინე მორგოშია და გურამ ფალავანდიშვილი.
შსს იუსტიციის სახლთან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე ძალადობის საქმეს ეთნიკური ნიშნით უფლებების შეზღუდვის მუხლით იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და კანონდამრღვევი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესწორებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დაგეგმილი.
10 დეკემბერს მიწების უცხოელებზე გასხვისების მოწინააღმდეგეები იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ. მათი მიზანია, რომ არ დაუშვათნ მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დარეგისტრირება. აქციის გამო გუშინ თბილისის იუსტიციის სახლი შეფერხებით მუშაობდა.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და მათ მოთხოვნებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. წულუკიანის განცხადებით, საკუთარი აზრის გამოხატვისას ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისის იუსტიციის სახლში დღიურად 10 ათასამდე ადამიანი მიდის სხვადასხვა სახელმწიფო სერვისით სარგლებლობის მიზნით. მისი თქმით, 10 დეკემბერს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment