ჩვენ მზად ვართ, საფუძველი ჩავუყაროთ ევროპულ სკოლას, რაც არის სერიოზული და გამოკვეთილი პრიორიტეტი ევროპული კომისიისა და საქართველოს მთავრობისთვის, ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ევროპული სკოლის მიზანია, საქართველოს მულტილინგვისტური პროგრამები შესთავაზოს, რადგან ევროპაში არსებობს მრავალეროვანი გარემო, სადაც წარმატებისთვის საჭიროა რამდენიმე ენის ფლობა მაინც.
ეს გახლავთ საპილოტე პროექტი. ჩვენ ამისთვის შევარჩიეთ საქართელო და მოხარული ვარ, რომ აღნიშნულს ასე ძლიერ უჭერს მხარს საქართველოს ხელისუფლება. პროექტი მაქსიმალურად შეესაბამება ევროპულ იდეას, რაც გულისხმობს საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობის შემდგომ გამყარებას და თუ აღნიშნული პროექტი წარმატებულად განხორციელდა, ჩვენ მოვახდენთ მის ტირაჟირებას, როგორც ევროპის ასევე სხვა ქვეყნებში.
ეს გახლავთ ინიციატივა, პირველი ნაბიჯი, საპილოტე პროექტი და მადლობას მოვახსენებ საქართველოს ხელისუფლებას ასეთი მხარდაჭერისთვის. ეს საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს როგორც საქართველოდან, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან, მიიღონ და დახვეწონ ცოდნა კულტურის, ენების შესწავლის სფეროში და შემდეგ იქნება დიდი გზა ევროპული უნივერსიტეტებისკენ.
საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენი მიზანია ამ პროექტის რეალიზაცია დავიწყოთ 2018 წლის შემოდგომაზე“, - განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.
1tv.ge

No comments:
Post a Comment