Monday, March 12, 2018

პოლიციამ იმ ბარში, სადაც რუსი ჯაშუში იყო, მომწამვლელი აირის კვალი იპოვა

ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების კვალი აღმოჩნდა სოლსბერის ერთ-ერთ რესტორანსა და ბარში, სადაც მოწამვლამდე ცოტა ხნით ადრე იმყოფებოდნენ ყოფილი ბრიტანელი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავარმა ექიმმა, სალი დევისმა გააკეთა განცხადება. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
უსაფრთოხების ინტერესებიდან გამოდინარე იმ კლიენტებს, დაახლოებით 500 კაცს, რომლებმაც ქალაქ სოლსბერის რესტორან Zizzi-სა და ბარ Mill-ში ისადილეს, სალი დევისმა ურჩია, რომ გარეცხონ ტანსაცმელები და პირადი ნივთები.
განზრახ მკვლელობის მცდელობით სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილ იულიაზე მომხდარი თავდასხმის გამოძიება მეშვიდე დღეა გრძელდება. ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი მდგომარეობა "სტაბილურად კრიტიკულია.“ 
მანამდე ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებთან, კოორდინირებულ საპასუხო ზომებზე რუსეთის წინააღმდეგ, თუ დადასტურდება, რომ მოწამვლით მკვლელობის მცდელობის უკან მოსკოვი დგას. 
ამასთანავე გამოძიებამ იპოვა დაახლოებით 200 მოწმე, რომლებიც დაკავშირებული არიან სოლსბერიში რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის ინციდენტთან. 
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს; ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში („გრუ") მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა სკრიპალის ინციდენტთან დაკავშირებით "ლიტვინენკოს საქმე" გაიხსენა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კონკრეტულ სახელებზე ლაპარაკი ნაადრევია. 

2006 წელს ინგლისში რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცერი ალექსანდრე ლიტვინენკო პოლონიუმით მოწამლეს. ის თვენახევარში ლონდონის საავადმყოფოში ლეიკემიის დიაგნოზით გარდაიცვალა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment