Thursday, December 13, 2018

მასწავლებელი გურიიდან მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 ფინალისტს შორისაა

ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან, მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ 50 მასწავლებელს შორისაა.
ლადო აფხაზავა სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელია. იგი 2010 წლიდან მუშაობს ამ სოფლის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად, 2012 წლიდან კი  არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.
ლადო აფხაზავა 2017 წელს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.
„მისი ბევრი აქტივობა თუ ინიციატივა მთლიანად სასკოლო საზოგადოებას მოიცავს. ამ მიზნით, სკოლის მასშტაბით მან წამოიწყო პროექტი „დემოკრატიული რევოლუცია“, რომლის მიზანია მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზება. იგი ასევე ცდილობს გაზარდოს მშობელთა და თემის ჩართულობაც და ამ მიმართულებითაც სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. არაერთმა მის მიერ ინიცირებულმა პროექტმა ფართო აღიარება მოიპოვა. მაგალითისთვის, პროექტს „ეთნორძლები“ საერთაშორისო ჯილდოც გადაეცა. პროექტი მულტიკულტურალიზმის და ტოლერანტობის განვითარებას ისახავდა მიზნად,“ – აღნიშნულია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე. 
მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2015 წლიდან გაიცემა. პირველი ჯილდოს მფლობელი ნენსი ეტველი გახდა აშშ-ის შტატ მენიდან, ინგლისური ენის ნოვატორული სწავლებისათვის; 2016 წელს ჯილდო ჰანან ალ ჰრუბს გადაეცა, მასწავლებელს პალესტინიდან, რომელიც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო და ახლა სწავლებისას მისი ლოზუნგია -„არა ძალადობას“; 2017 წელს ჯილდო კანადელ მასწავლებელს, მეგი მაკდონელს გადაეცა, 2018 წელს კი – ანდრია ზაფირაკუსს, მასწავლებელს დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც ბრენტის სკოლაში ასწავლის მოსწავლეებს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან.
მასწავლებლის გლობალური ჯილდოს დამაარსებელი Varkey-ს ფონდია.  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ფონდისგან 1 მლნ დოლარს იღებს პრიზის სახით.
batumelebi.ge

No comments:

Post a Comment