Monday, December 10, 2018

პროკურატურის ორგანიზებით კამპანია „არა ბულინგს“ დაიწყო

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით კამპანია „არა ბულინგს“ დაიწყო.
უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 7 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავსა და რუსთავში ბულინგის და ძალადობის პრევენციის მიზნით სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები ჩატარდება.
„საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და პროექტ „დიოჯეის“ ფინანსური მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებებზე რაიონული პროკურატურის და საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის წარმომადგენლები თვითმმართველობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს,  სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან და ბულინგის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. ისაუბრებენ  რაში და როგორ შეიძლება იყოს გამოხატული ბულინგი და რა პრევენციული ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ამ მიმართულებით. ასევე ისაუბრებენ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შესახებ და ბულინგის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე"- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.
კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება, მათ შორის არტ-ნამუშევრების გამოფენა და ველომარათონი.
ბულინგის წინააღმდეგ მიმართული  კვირეული   თბილისში დასრულდება, სადაც მოსწავლეების მიერ თემაზე „არა ძალადობას“ გადაღებული ვიდეორგოლების კონკურსი გაიმართება.
პროკურატურის ინფირმაციით, კამპანია „არა ბულინგს“ ერთი კვირა გაგრძელდება და მისი მიზანია არასრულწლოვნებში ბულინგის და ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და პრევენცია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment