Wednesday, October 25, 2017

ბრიტანული მედია ბრიუსელში ტუსკის ემოციურ გამოსვლაზე ალაპარაკდა

ბრიტანული გაზეთების ყურადღების ცენტრში ევროსაბჭოს თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის ბრიუსელში გამოსვლა ექცევა.
Times-ი წერს, რომ ტუსკის განცხადებით ბრექსიტზე მოლაპარაკებებში პროგრესია და შესაძლებელია, რომ გარკვეულ დროში ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება შედგება. 
თუმცა ტუსკი მაინც იმედოვნებს, რომ ბრექსიტი არ მოხდება. მისი თქმით, ევროკავშირი ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა, მათ შორის, ბრექსიტის გაუქმებისთვისაც. მისი განმარტებით, ყველაფერი ლონდონზე და არა ევროკავშირზეა დამოკიდებული.

Daily Mail-ი ყურადღებას ამახვილებს ტუსკის ემოციურ გამოსვლაზე. პოლონეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ევროკავშირს არა მხოლოდ ქვეყნების კავშირი უწოდა, რომლებიც ერთმანეთთან საერთო ეკონომიკური ინტერესებით და საერთო ღირებულებებით არიან დაკავშირებულნი, არამედ ერთიან კულტურად მოიხსენია. მისი თქმით სწორედ ეს კულტურა განასხვავებს ევროკავშირს დანარჩენი მსოფლიოსგან.
“ჩვენი ღიაობა და ტოლერანტულობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უარს ვამბობთ დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ან მიღწევები", - აცხადებს ტუსკი. ის განმარტავს, რომ ევროპელებს საკუთარი კულტურის დაცვის ვალდებულებაც კი გააჩნიათ არა იმიტომ, რომ საკუთარ უპირატესობას გაუსვან ხაზი, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი თავი დაიცვან და იამაყონ კულტურული და ისტორიული თვითმყოფადობით.

2016 წლის 23 ივნისს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას (Brexit) მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. ევროკავშირიდან გასვლის მოწინააღმდეგე პრემიერი დევიდ კამერონი გადადგა და პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გახდა.

2017 წლის 29 მარტს, მეიმ ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ოფიციალურად დაიწყო
imedinews.ge

No comments:

Post a Comment