Friday, September 14, 2018

შსს სოფელ სვენეთთან გამართულ აქციას გამოეხმაურა

შსს დღეს ცენტრალურ ავტობანზე, სოფელ სვენეთთან მოსახლეობის აქციას გამოეხმაურა. აქციის მონაწილეებმა სოფელ ხელთუბანში 2018 წლის 6 ივლისს 18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიების მიმდინარეობა გააპროტესტეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო 1999 წელს დაბადებული თ.მ.-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, აწარმოებს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხული 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად, კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით ან რაიმე სხვა გარემოებით, დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს ცენტრალურ ავტობანზე, სოფელ სვენეთთან მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობა გზის გადაკეტვას აპირებდა, რისი უფლებამ მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
გზა მოსახლეობამ მიმდინარე წლის 6 ივლისს 18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ფაქტის ეფექტური გამოძიების მოთხოვნით გადაკეტა. გზის გადაკეტვას სამართალდამცავები უშლიდნენ ხელს, რამაც დაპირისპირება და ხმაური გამოიწვია. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment