Thursday, May 2, 2019

„პატრიოტების“ წევრმა გახარიას სთხოვა ლგბტ თემს 17 მაისს მსვლელობა გადააფიქრებინოს

პარლამენტში შს მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ დეპუტატებმა მას შეკითხვები დაუსვეს. მას მიმართა ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა გიორგი ლომიამაც.
ლომიამ შს მინისტრს სთხოვა, რომ 17 მაისს ლგბტ ჯგუფს დაგეგმილი მსვლელობა გადააფიქრებინოს და გამოყოს მათთვის ადგილი, სადაც, ლომიას თქმით, "შეგროვდებიან", თუმცა აქვე დეპუტატმა დაამატა, რომ ეს ადგილი არ უნდა იყოს ახლოს ქვეყნის სიწმინდეებთან და არ უნდა იყოს დაკავშირებული ქვეყნის გამარჯვებასთან.
"ჩვენ ვიცით, რომ 17 მაისს დაგეგმილია ლგბტ საზოგადოების მსვლელობა, რაც პრინციპში, გამოიწვევს დაპირისპირებას საზოგადოების მეორე ნაწილთან. პოლიცია უნდა იყოს სიმშვიდის გარანტი და მინდა გთხოვოთ, მედიატორის როლი ითამაშოთ ლგბტ საზოგადოებასა და მეორე მხარეს მდგომ საზოგადოებას შორის. დაელაპარაკოთ მსვლელობის ორგანიზატორებს, რომ უარი თქვან ამ მსვლელობაზე, რათა ამან არ გამოიწვიოს ვნებათაღელვა ქვეყანაში. გთხოვთ, გამოყოთ ადგილი, სადაც ისინი შეგროვდებიან, ოღონდ ადგილი, რომელსაც გამოყოფთ, არ უნდა იყოს დაკავშირებული ქვეყნის გამარჯვებებთან და ქვეყნის სიწმინდეებთან", - თქვა გიორგი ლომიამ. 
დეპუტატის განცხადებით, საპატრიარქოსა და პატრიარქის წინააღმდეგ აქტიურად მიმდინარეობს შავი პიარკამპანია, რომლის უკანაც, მისი თქმით, დგანან არასამთავრობო ორგანიზაციები, ცალკეული მოქალაქეები:
"სამწუხაროდ, ამაში ჩართული არიან მასმედიის საშუალებები. ამ ყველაფრისთვის იხარჯება ძალიან დიდი ფული. ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ დღემდე ვერ გამოავლინეთ, ვინ დგას ამ შავი პიარ-კამპანიის სათავეში", - თქვა დეპუტატმა.
შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატშია მისული. დეპუტატებმა მას შეკითხვები დაუსვეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment