Sunday, October 1, 2017

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. 
„1-ლი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წლიდან დაწესდა, ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვისა და მოსახლეობის დაბერების პრობლემებთან ბრძოლის მიზნით. 
ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ საკითხებს განსაკუთრებული სიმწვავით დაემატა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია (ეიჯიზმი), რასაც ზოგჯერ თან ახლავს ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობა და მათი უგულვებელყოფა. დისკრიმინაციის ფაქტები და საზოგადოების არაჯანსაღი დამოკიდებულება ქმნის გარემოს, რომელიც ასაკოვან ადამიანებს შესაძლებლობებს უზღუდავს და უარყოფით გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
2017 წელს ხანდაზმულ პირთა საერთაშორისო დღის მთავარ თემად დასახელდა ასაკოვანი ადამიანების როლისა და კონტრიბუციის გაზრდა/გაფართოება ოჯახის, თემისა და საზოგადოების ცხოვრებაში. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ხანდაზმულთა უფლებებისა და საჭიროებების შესაბამისად, მათი სრული და ეფექტური ჩართულობის უზრუნველყოფის მხარდამჭერ გზებსა და დაბერების შესახებ მადრიდის საერთაშორისო გეგმით დასახული მიზნების მიღწევაზე. 
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დაბერების პრობლემებთან ბრძოლა ათწლეულების წინ დაიწყო, საქართველოში ამ მიმართულებით ეფექტური ღონისძიებები არ ხორციელდება. ზემოთ დასახელებული მადრიდის საერთაშორისო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებები გარკვეულწილად აისახა საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წელს დამტკიცებულ „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციაში“, თუმცა, დოკუმენტში მოცემულია მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ხოლო მისი პრაქტიკული განხორციელების მიზნით ეროვნული სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ დამტკიცებულა (კონცეფციის თანახმად სამოქმედო გეგმის დამტკიცება უნდა მომხდარიყო 2016 წლის 1 აგვისტომდე). 
შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში კვლავაც მრავალი გამოწვევა არსებობს. ასაკოვანი ადამიანების უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი ადეკვატურ საცხოვრებელზე, სოციალურ სერვისებსა და დაცვის მექანიზმებზე, რის გამოც, ისინი სიღარიბის, უსახლკარობისა და იზოლაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ხშირია მათ მიმართ ძალადობის, უგულებელყოფისა და ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები. ქვეყანაში არსებული სახელმწიფო პროგრამებით არ არის გათვალისწინებული ხანდაზმულთა ალტერნატიული ზრუნვის სერვისები, არ ხდება საჭიროების კვლევაზე დაფუძნებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, პრობლემურია ადგილობრივ დონეზე ამ პირთა სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის და არსებული რესურსების ეფექტურად განაწილების საკითხი.
საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მდგომარეობას ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენს მიერ შესწავლილი ხანდაზმულთა უფლებების დარღვევის ფაქტების უმრავლესობა მათი სოციალური დაცვის საკითხებს ეხებოდა. რაც კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ამ მიმართულებით სახელმწიფოს არაეფექტურ პოლიტიკასა და აღნიშნული პრობლემის დაძლევისთვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობას. 
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მოახდინოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ განსახორციელებლად, რათა უზრუნველყოს მოსახლეობის დაბერების საკითხის სხვადასხვა სექტორულ პოლიტიკასა და პროგრამაში დროული ინტეგრირება და ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვა. ამასთან, მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ეიჯიზმის აღმოფხვრისკენ მიმართული პოზიტიური ღონისძიებები და ხელი შეეწყოს ასაკოვან ადამიანთა საზოგადოებაში სხვების თანასწორად ინკლუზიას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment