2017 წელს გაიცემა 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი სასწავლო გრანტები.
სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:
• იმ პირებზე, რომლებიც არააკრედიტებულ პროგრამებზე ჩაირიცხებიან;
• იმ პირებზე, რომლებსაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი ერთხელ მიღებული აქვთ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, (ქართულ ენაში მომზადების) საგანმანათლებლო პროგრამაზე;
• იმ პირებზე, რომლებმაც ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგამოცდო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში (აღნიშნული არ ეხება ქართულ ენაში მომზადების პროგრამას).
სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა აბიტურიენტზე, რომელმაც წინა წლებში მოიპოვა გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ ჩარიცხულა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მიზნით. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტისათვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობის არა უმეტეს 2%-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით.
აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსების წესი: აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა ყველა გამოცდის (3 სავალდებულო და ერთ-ერთი არჩევითი საგნის) შედეგის მიხედვით. აბიტურიენტმა, რომელიც აბარებს სახელოვნებო/სასპორტო პროგრამაზე და სურს სახელმწიფო სასწავლო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება, აუცილებლად უნდა ჩააბაროს მეოთხე გამოცდა (არჩევითი გამოცდების ბლოკიდან ნებისმიერი).
აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საგრანტო (აბსოლუტური) ქულის დადგენის წესი:
სახელმწიფო სასწავლო გრანტისათვის გათვალისწინებული თანხები განაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდის არჩევით საგნებზე შემდეგი პრინციპის დაცვით: თანხები იყოფა ორ თანაბარ ნაწილად.
თანხის ერთი ნახევარი განაწილდება არჩევითი საგნების შემდეგ ჯგუფზე:
ა) ლიტერატურა; ბ) ისტორია; გ) გეოგრაფია; დ) ხელოვნება; ე) სამოქალაქო განათლება. ჯგუფისათვის გამოყოფილი თანხის 5 % თანაბრად გადანაწილდება შესაბამისი ჯგუფის არჩევით საგნებზე, ხოლო 95 % გადანაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯგუფის ყოველი არჩევითი საგნისათვის მოთხოვნილი ადგილების რაოდენობის პროპორციულად.
თანხის მეორე ნახევარი კი – არჩევითი საგნების შემდეგ ჯგუფზე: ე) მათემატიკა; ვ) ქიმია; ზ) ფიზიკა; თ) ბიოლოგია.
ჯგუფისათვის გამოყოფილი თანხის 4 % თანაბრად გადანაწილდება შესაბამისი ჯგუფის არჩევით საგნებზე, ხოლო 96 % გადანაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯგუფის ყოველი არჩევითი საგნისათვის მოთხოვნილი ადგილების რაოდენობის პროპორციულად. განაწილების შედეგად მიღებული თანხების 25% დაეთმობა სრულ (100%-იან) საგრანტო დაფინანსებას, 25% დაეთმობა 70%-იან საგრანტო დაფინანსებას, ხოლო დარჩენილი თანხა – 50%-იან საგრანტო დაფინანსებას.
საგრანტო კონკურსისათვის ყველა საგამოცდო საგანს აქვს თავისი წონა (ზოგადი უნარების გამოცდას - 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანს - 1).
თითოეულ გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის წონაზე და მიღებული ქულები ჯამდება. მაგალითად: თუ აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 169,1, ზოგად უნარებში - 165,7, უცხოურ ენაში - 164,8 და მათემატიკაში - 164,0 ქულა, მისი საგრანტო (აბსოლუტური) ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: 169,1 + 165,7X1,5 + 164,8 + 164,0= 746,45. მიღებული ჯამი მრავლდება 10–ზე, ანუ აბსოლუტური საგრანტო ქულა იქნება 746,45X10= 7464,5. სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტისათვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობა განაწილდება შემდეგი პრინციპით: სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა მოხდება არა ერთიანი რეიტინგული სიის მიხედვით, არამედ ყოველი არჩევითი საგნისათვის (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება) შედგება საგრანტო (აბსოლუტურ) ქულაზე დაფუძნებული რეიტინგული სია და კონკრეტული არჩევითი საგნისათვის გამოყოფილი თანხა ამ რეიტინგული სიის მიხედვით განაწილდება. მაგალითად: სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს ყველა ის აბიტურიენტი, რომელმაც ჩააბარა მათემატიკა, ზუსტად ასევე ერთმანეთს შეეჯიბრებიან აბიტურიენტები, რომლებმაც ჩააბარეს ქიმია, ლიტერატურა და ა. შ.
თუ აბიტურიენტი ჩააბარებს რამდენიმე არჩევით საგანს, ის სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს სავალდებულო საგნების გამოცდებისა და იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგად მიღებული აბსოლუტური ქულების საფუძველზე, რომლითაც ის მიიღებს სწავლის გაგრძელების უფლებას კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
თუ აბიტურიენტი ჩააბარებს საგანმანათლებლო პროგრამის მიერ მოთხოვნილ ორ ან მეტ არჩევით გამოცდას და გადალახავს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს, ის დაფინანსების კონკურსში მონაწილეობას მიიღებს იმ არჩევით გამოცდაში მოპოვებული ქულით, რომლითაც მეტ დაფინანსებას მოიპოვებს, მიუხედავად იმისა, რომელი გამოცდის შედეგით მოხდება ჩარიცხვა ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
No comments:
Post a Comment