მათემატიკა იმ საგნებს შორის არის, რომელზეც ხშირად ამბობენ, რომ თუ თანდაყოლილი უნარები არ გაქვს, ვერ ისწავლიო. მსგავსი შეგონებები სკოლაშიც ხშირად ისმის, რაც მოსწავლეების ნაწილს სულ მცირე წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, საგნის მიმართ ინტერესს უკარგავს.
EDU.ARIS.GE ამ საკითხზე მათემატიკის პედაგოგ თამარ უთნელიშვილს ესაუბრა. თამარი უკვე წლებია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლების ტრენერად მუშაობს და საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, დამწყებ პედაგოგებს საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა და მოსწავლეებთან სწორი კომუნიკაციის დამყარებას ასწავლის.
„მოსწავლეებს მათემატიკა რომ შევაყვაროთ, საჭიროა, მათემატიკური ტერმინოლოგია ჩავანაცვლოთ საყოფაცხოვრებო ტერმინოლოგიით, რამდენადაც ეს შესაძლებელია! არ უნდა შევაშინოთ მოსწავლეები ისეთი ტერმინებით, რომელთა გაგონებაც თავიდანვე დააკარგვინებთ მოტივაციას. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, შეუმჩნევლად უნდა გადავიყვანოთ ისინი მათემატიკურ სამყაროში, ლამაზად, მსუბუქად, გასაგებად და მხიარულ ფერებში უნდა შევუფუთოთ მათ ეს საგანი, რომ საბოლოოდ დავუმსხვრიოთ სტერეოტიპი „მათემატიკის, როგორც ძალიან ძნელ, არა ყველასთვის გასაგები მეცნიერების“ შესახებ“ – ამბობს თამარი.
–როგორ გავხადოთ მათემატიკის გაკვეთილი ყველა მოსწავლისთვის საინტერესო?
–მათემატიკის გაკვეთილი რომ საინტერესო იყოს, მასწავლებელმა უნდა ჩაატაროს ე.წ. ინტერაქტიული გაკვეთილი. საბოლოოდ უნდა ეთქვას უარი ლექციის ტიპის გაკვეთილებს. ბავშვების დიდი ჩართულობით, მასწავლებლის მხიარული, არტისტული, ენერგიული და შემოქმედებითი ხელშეწყობით გახდება მათემატიკის და არამარტო მათემატიკის გაკვეთილები სახალისო და საინტერესო.
–როგორ ჩავრთოთ საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლე მაქსიმალურად?
–მოსწავლეთა ჩართულობას გამოიწვევს საინტერესო აქტივობები, როგორიცაა ჯგუფური მუშაობა, ეფექტური, სწორად შერჩეული დავალებების ბარათები, კარგი მანიპულატივები, ელექტრონული თუ ბეჭდური რესურსები, პოსტერები, წყვილებში მუშაობა, ურთიერთშეფასების საინტერესო ფორმები. ე.წ. დიფერენცირებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს ყველა დონის, ყველა მზაობის მოსწავლის ჩართულობას, და, რაც მთავარია, მასწავლებლის კარგად შერჩეული ე.წ. განმავითარებელ შეფასებას. სიტყვიერ თუ წერილობით კომენტარს როგორც მოსწავლის, ისე მისი მშობლის/მეურვის მიმართ, ყველაზე კარგად გავყავართ შედეგზე.
–ხომ არ გვირჩევდით რამდენიმე ფილმს, რომელიც თქვენი აზრით ახალგაზრდებს მათემატიკის მიმართ ინტერესს გაუჩენს?
–რაც შეეხება ფილმებს, ამ თემაზე ძალიან კარგი ვიდეოგაკვეთილები აქვს ე.წ. “G-Pried”-დაწყებითი განათლების პროექტს, რომელიც საქართველოს დაახლოებით 500 სკოლაში მიმდინარეობს და რომლის ტრენერ-კონსულტანტიც თავად გახლავართ. ეს არის „სწავლა თამაშით“, „სწავლა კეთებით“, შედეგზე კარგად გათვლილი და ორიენტირებული პროექტი, რომელიც მოიცავს უამრავ საინტერესო რესურსს, აქტივობას და მეთოდს.
–კითხვა რამდენად ავითარებს იმ უნარებს, რაც მათემატიკის სწავლას გაუადვილებს მოსწავლეებს?
–კითხვასაც აქვს თავისი დადებითი ეფექტი მათემატიკური ტექსტების, ამოცანის პირობების გასააზრებლად. სიტყვის, როგორც ერთი მთლიანი ფენომენის/სურათის აღქმა (სხვათაშორის, ჩვენი „G-Pried”-ის პროექტი კითხვის მიმართულებითაც ძალიან ეფექტურად მუშაობს) დიდად შეუწყობს ხელს მათემატიკური ტერმინების, ფორმულების და ა. შ. გააზრებას.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment