Thursday, May 4, 2017

162-ე სკოლის კოლექტივი დირექტორის გადადგომას ითხოვს

თბილისის 162-ე საჯარო სკოლის პედაგოგები დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავენ. მასწავლებლების თქმით, პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებულ მემორანდუმზე ხელმოწერა დირექტორის გადაწყვეტილება იყო და ამის შესახებ სკოლის კოლექტივმა არაფერი იცოდა. ისინი ამ მემორანდუმის გაუქმებასაც ითხოვენ.

სკოლის პედაგოგებს დღეს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური შეხვდა. მან განაცხადა, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალიდან აღდგება. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ 162-ე სკოლა დამოუკიდებლად  მიიღებს გადაწყვეტილებას, გაგრძელდეს თუ არა პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან თანამშრომლობას.

დღესვე თემას გამოეხმაურა განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სკოლებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ოპტიმიზაციას არ ნიშნავს."განათლების სამინისტროს მთავარი მიზანია, სკოლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ. ჩვენ ბევრი შეხვედრა გვქონდა პედაგოგებთან. იყო დეტალური საუბარი ამ მემორანდუმთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, რომ სკოლებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და სიახლეები. რაც შეეხება შიშებს, რომ შესაძლოა, გაერთიანდნენ  სკოლები  ან ოპტიმიზაცია მოხდეს, ეს  არასწორო შიშებია."-განაცხადა მინისტრმა.

თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში დღეს  სასწავლო პროცესი ჩაიშალა. პედაგოგები და მშობლები პირველ ექსპერიმენტალურსა და 162-ე სკოლას შორის გაფორმებულ მემორანდუმს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სკოლაში პირველი ექსპერიმენტალურის 5 პირველი კლასი უნდა გაიხსნას. როგორც სამინისტროში განაცხადეს, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში პირველკლასელთა დიდი ნაკადის გამო, საკლასო ოთახები არ ჰყოფნით და რადგან 162-ე სკოლას შესაბამისი ფართი აქვს, სწორედ ამ სკოლასთან მოხდა  მემორანდუმის გაფორმება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment